GIPA-მ მომავალი ბიზნეს ლიდერების გასაძლიერებლად, GTM სტრატეგიებზე მაღალი ზეგავლენის სტარტაპ ჰაკათონი ჩაატარა

13 აგვისტო, 2025

2025 წლის ივლისში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტმა (GIPA) წარმატებით უმასპინძლა GIPA Startup GTM (Go-To-Market) Strategy Hackathon-ს - ინოვაციურ შეჯიბრებას, რომელიც მიზნად ისახავდა აკადემიური ცოდნისა და რეალური მეწარმეობრივი პრაქტიკის დაკავშირებას.

ღონისძიება ონლაინ ფორმატში გაიმართა და ასობით სტუდენტი შემოიკრიბა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევის გადასაჭრელად თანამედროვე მეწარმეობაში: სტუდენტებს დაევალათ, შეემუშავებინათ რეალიზებადი სტრატეგიები მოთხოვნადი სტარტაპებისთვის. მონაწილეებ უნდა წარმოედგინათ სრული მარკეტინგული სტრატეგია, რომელიც მოიცავდა:

  • მიზნობრივი აუდიტორიის ანალიზს
  • მრავალარხიან კომუნიკაციის დაგეგმვას
  • მესიჯინგის ჩარჩოებს
  • 90-დღიან ტაქტიკურ გაშვების რუკას

„GIPA-ში ჩვენი მისიაა, გავზარდოთ ლიდერები, რომლებიც არა მხოლოდ თეორიას სწავლობენ, არამედ აქტიურად ქმნიან და ახორციელებენ იმ ინოვაციებს, რომლებიც ხვალინდელ დღეს განსაზღვრავენ,“ - განაცხადა მერაბ გოცირიძემ, სერიულმა მეწარმემ და GIPA-ს ლექტორმა. „ეს ჰაკათონი სწორედ ამ ხედვის რეალური განხორციელებაა.“

საერთაშორისო დონის ექსპერტებისგან შემდგარი ჟიური

სტუდენტური ჰაკათონს საერთაშორისო დონის ექსპერტები აფასებდნენ. მაღალი რანგის ჟიური მდიდარი საერთაშორისო გამოცდილების მქონე, მეწარმეებისგან, ინვესტორებისა და სტარტაპ მენტორებისგან შედგებოდა:

  • მერაბ გოცირიძე – სერიული მეწარმე და GIPA-ს ლექტორი
  • დავით ხარიტონაშვილი – ცნობილი სტარტაპ მენტორი და ტექნოლოგიური მეწარმე
  • ერეკლე გველესიანი – ანგელოზ ინვესტორი და ამერიკის სავაჭრო პალატის საპატიო წევრი
  • ლაშა მირზელაშვილი – ტექნოლოგიური სტარტაპის დამფუძნებელი და ადრეული ფაზის ინვესტორი

ჟიურის წევრები არა მხოლოდ აფასებდნენ წარმოდგენილ სტრატეგიებს, არამედ მონაწილეებს დეტალურ უკუკავშირსაც აძლევდნენ, რამაც ჰაკათონში მონაწილე სტუდენტების პროფესიული უნარების განვითარებას დიდად შეუწყო ხელი. მათი ჩართულობა ასევე ხაზს უსვამს GIPA-ს მზარდ როლს საქართველოს სტარტაპ და ინოვაციების ეკოსისტემაში.

განათლების და რეალური ბაზრის ურთიერთდაკავშირება

ჰაკათონის მთავარი ღირებულება თეორიული ქეისებისგან განსხვავებით, რეალური სტარტაპ გამოწვევით განისაზღვრა - სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, შეემუშავებინათ ისეთი სტრატეგია, რომელიც პირდაპირ შეიძლება ბაზარზე განხორციელდეს. გამარჯვებულ გუნდს ფულადი ჯილდო გადაეცა, ასევე, უზრუნველყოფილი სტაჟირება და შანსი, თავისი სტრატეგია რეალურ სტარტაპში დანერგოს, რაც უნიკალური პრაქტიკული გამოცდილებაა.

„ამ ინიციატივამ სტუდენტებს რეალურ სტარტაპ გარემოში ჩართვის შესაძლებლობა მისცა. მათ ოპერატორების როლში მოუწიათ ფიქრი და ამოცანას შეხედეს არ თეორიული ცოდნის ჭრილში, არამედ პრატიკულად განხორციელებადი კუთხით“ - აღნიშნა დავით ხარიტონაშვილმა, ჟიურის წევრმა და ჰაკათონის ერთ-ერთმა ავტორმა. „მათ ისწავლეს როგორ მოახდინონ პროდუქტის გაშვება,  როგორ შეაფასონ ღირებულება და როგორ იმუშაონ სტრესულ ბიზნეს გარემოში - რაც მომავალი გლობალური დამფუძნებლებისთვის აუცილებელი უნარებია.“

გრძელვადიანი ხედვა მეწარმეობრივი სრულყოფისკენ

ჰაკათონი კიდევ ერთი ნაბიჯია GIPA-ს გრძელვადიან მიზანში - მეწარმეობრივი განათლების განვითარება, რომელიც აკადემიურ სრულყოფას უშუალო ინდუსტრიულ ჩართულობას უკავშირებს. ის ამავდროულად, აძლიერებს GIPA-ს როლს, როგორც პლატფორმას ახალი თაობის ბიზნეს მოაზროვნეებისთვის, რომლებიც საერთაშორისო ტექნოლოგიურ ბაზრებზე ლიდერობას ესწრაფვიან.

საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის ზრდასთან ერთად, მსგავსი ინიციატივები, როგორიცაა GTM Strategy Hackathon, უზრუნველყოფს, რომ GIPA-ს კურსდამთავრებულები არა მხოლოდ მომავლისთვის არიან მზად - არამედ, ისინი თავად ქმნიან მას.