საერთაშორისო სიმპოზიუმი: ბერლინის კედლიდან ენგურის ხიდამდე - გერმანული გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის

06 მაისი, 2025

ფრიდრიხ ებერტის ფონდის ორგანიზებითა და GIPA- ს პარტნიორობით, გაიმართება საერთაშორისო სიმპოზიუმი - „ბერლინის კედლიდან ენგურის ხიდამდე - გერმანული გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის“. შეხვედრა მიზნად ისახავს ცივი ომის პერიოდის გერმანიის გამოცდილების განხილვასა და მის ადაპტაციის შესაძლებლობებზე მსჯელობას. სიმპოზიუმში ერთი მხრივ, მონაწილეობას მიიღებენ გერმანელი სტუმრები, რომლებიც გერმანიის დასავლეთის, აღმოსავლეთისა და გაერთიანების პოლიტიკაზე ისაუბრებენ, მეორე მხრივ კი, ქართველი მონაწილეები, რომლებიც გერმანელ კოლეგებთან ერთად იმსჯელებენ, თუ როგორ არის შესაძლებელი გერმანული გამოცდილების ადაპტაცია საქართველოსთვის.

საბჭოთა ოკუპაციის შედეგად, ცივი ომის პერიოდში აღმოსავლეთ გერმანია აღმოსავლეთის ბლოკის ნაწილად იქცა, ხოლო დასავლეთ გერმანია დასავლეთთან ინტეგრირდა, ნატოს წევრი და ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანების — ევროკავშირის წინამორბედი ორგანიზაციის — დამფუძნებელი გახდა. მოგვიანებით კი, აღმოსავლეთის ბლოკთან უსაფრთხოებას მიაღწია და ის კავშირები განამტკიცა, რომელიც ქვეყნის მშვიდობიან გაერთიანებასა და სუვერენიტეტის სრულ აღდგენას დაედო საფუძვლად. დაყოფილი ქვეყნის ინტეგრაცია დასავლეთთან, უსაფრთხოების მიღწევა აღმოსავლეთთან და საბოლოოდ, ქვეყნის გაერთიანება, არის პრეცედენტი, რომელიც საქართველოში დიდ ინტერესს იწვევს.

ცივი ომის შემდგომ, რუსეთის მიერ  საქართველოს ტერიტორიის ოკუპირება და დაყოფა, ქვეყნის ინტეგრაცია დასავლეთთან, უსაფრთხოების გარანტიები და ქვეყნის გაერთიანება, ის ამოცანებია, რომელთა გადაჭრა საქართველოს სახელმწიფოებრიობისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.


მოწვეული სტუმრები:

მარკუს მეკელი - გდრ-ს საგარეო საქმეთა მინისტრი (1990) და 2+4 პროცესის მონაწილე

ორთვინ ჰენიგი - გერმანიის ელჩი საქართველოში (2010-2015)

შტეფან მიულერი - ფრიდრიხ ებერტის ფონდის სოციალ დემოკრატიის არქივის საჯარო ისტორიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

გიორგი მარგველაშვილი - საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი (2013–2018)

მაია ფანჯიკიძე - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი (2012-2014)

პაატა ზაქარეიშვილი - საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში (2014-2016), საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში (2012-2014)

კახა გოგოლაშვილი - რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი

ირაკლი ირემაძე- კავკასიური სახლის აღმასრულებელი დირექტორი

დავით ჯიშკარიანი - მაქს ვებერის ფონდის თბილისის ბიუროს მკვლევარი


სამუშაო ენა: ქართული და გერმანული (ქართულ-გერმანული სინქრონული თარგმანი).

მისამართი: Frontline Georgia Club — ლადო ასათიანის 62, თბილისი

თარიღი: 13 მაისი

დრო: 09:30 – 17:15

დასწრება თავისუფალია - მონაწილეობის მსურველები დარეგისტრირდით: https://university.gipa.ge/Symposium-RegistrationForm