GIPA-სა და რიეკას უნივერსიტეტის (ხორვატია) პარტნიორობის ფარგლებში, 2024 წელი ახალი ურთიერთობების საწყისად იქცა. თანამშრომლობის ჰორიზონტის გაფართოვების მიზნით, GIPA-ს გაცვლითი პროგრამების კოორდინატორი, ნიკოლოზ ბაქრაძე და ბიზნეს ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, ვანო ცერცვაძე რიეკას უნივერსიტეტს ესტუმრნენ, რასაც GIPA-სთვის მრავალფეროვანი და კონკრეტული არაერთი ინიციატივის შემუშავება მოჰყვა. კერძოდ, ორმაგი ხარისხის მქონე პროგრამების შემუშავება ერთი მხრივ, GIPA-ს ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს მისცემს საშუალებას, მოიპოვონ რიეკას უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნესის ბაკალავრის ხარისხი, მეორე მხრივ, რიეკას უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ GIPA-ს ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხი.
ასევე, რიეკას უნივერსიტეტში, ერასმუსის საერთაშორისო მობილობის ცენტრის წარმომადგენლებთან შეხვედრის ფარგლებში, დაიგეგმა ორ უნივერსიტეტს შორის გაცვლითი პროგრამების გაფართოება და სამომავლოდ, არამხოლოდ ბიზნესის მიმართულების სტუდენტები და აკადემიური პერსონალის გარდა, არსებული შესაძლებლობით, ახლა უკვე სამართლისა და პოლიტიკის და სოციალური მეცნიერებების სკოლებიდანაც მიიღებენ დაგეგმილ გაცვლით აქტივობებში მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ ხორვატიის ერასმუს+ ეროვნული სააგენტოს 2024 წლის კონკურსში რიეკას უნივერსიტეტისა და GIPA-ს საერთაშორისო გაცვლით პროგრამების კოორდინირებით შექმნილმა პროექტმა გაიმარჯვა და მომდევნო სასწავლო სემესტრებში, GIPA შეძლებს 5 სტუდენტისა (აქედან 3 კვოტა წინა კონკურსის შედეგად) და 2 პერსონალის მივლინებას რიეკას უნივერსიტეტში
გაცვლითი პროგრამების გააქტიურების მიზნით, მნიშვნელოვანია აკადემიური კვლევების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება. რიეკას უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალთან შეხვედრისას, მკვლევარები სამომავლო თანამშრომლობასა და საგრანტო კონკურსის ფარგლებში, ერთობლივი კვლევითი პროექტის სახით განაცხადის წარდგენაზე შეთანხმდნენ.
GIPA კიდევ ერთი მიმართულებით გაგრძელებს რიეკას უნივერსიტეტთან თანამშრომლობას. კერძოდ, მომდევნო სასწავლო წლიდან, GIPA, Business Friendly Certification South East Europe-ის (BFC SEE) სრულუფლებიანი წევრი და განმახორციელებელი გახდება საქართველოში. აღსანიშნავია, რომ GIPA-ს აქვს უნიკალური სამაგისტრო პროგრამა ადგილობრივ თვითმმართველობაში და უნივერსიტეტის ჩართულობა არა მხოლოდ გამოადგება მუნიციპალიტეტების განვითარებას, არამედ ეს იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ევროპასთან დაახლოების გზაზე.