GIPA-ს და გოთენბურგის უნივერსიტეტის მორიგი თანამშრომლობა

10 ნოემბერი, 2023

GIPA-ს სოციალურ მეცნიერებათა სკოლისა და გოთენბურგის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის სკოლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, 2023 წლის 16-27 ოქტომბერს ჩატარდა შვედეთის საჯარო სააგენტოს, Svenska Institutet-ის მიერ  მხარდაჭერილი , მორიგი სკოლა („აკადემია“ - SAYP) აღმოსავლეთ პარტნიორობის და ბალტიის ზღვის ქვეყნების ახალგაზრდა სპეციალისტებისთვის. SAYP 2018 წლიდან ტარდება თბილისში, ორი წელი ონლაინ ვმუშაობდით - პანდემიის გამო, თუმცა ამ გარემოებას სკოლის პოპულარობაზე უარყოფითად არ უმოქმედია.

ექვსი წლის განმავლობაში, სკოლამ მოამზადა 126 სპეციალისტი (წელს - 22) უკრაინიდან, მოლდოვადან, ბელორუსიდან, ბალტიის ზღვის სამივე პოსტ-საბჭოთა ქვეყნიდან და შვედეთიდან, სომხეთიდან და საქართველოდან. სკოლის თემა უცვლელია, რაც მის აქტუალობაზე მეტყველებს. თანამედროვე საერთაშორისო კონტექსტიდან გამომდინარე, ის მოიცავს მიგრაციისა და ინტეგრაციის სხვადასხვა მნიშვნელოვან  საკითხს აღმოსავლეთ პარტნიორობის და ბალტიის ზღვის ქვეყნებისათვის და  განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს ინკლუზიური საზოგადოებების განვითარებაზე, წარმოაჩენს რა არა მხოლოდ გამოწვევებს, არამედ მათი პრაქტიკული გადაწყვეტის მაგალითებსაც.