3 ოქტომბერს, საგანმანათლებლო პროექტის „სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში“ კურსდამთავრებულებისთვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია გაიმართა.
წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა და GIPA-ს რექტორმა, მაკა იოსელიანმა გადასცეს.
ცერემონიის დასაწყისში, ფეხბურთის ფედერაციისა და GIPA-ს წარმომადგენლებმა მონაწილეებს სიტყვით მიმართეს, კურსის წარმატებით დასრულება მიულოცეს და საფეხბურთო განათლების მნიშვნელობაზე ესაუბრნენ.
კურსის განმავლობაში მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ შეესწავლათ ფეხბურთის მენეჯმენტთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის, მსოფლიო ფეხბურთის მოწყობა, საზოგადოებასთან ურთიერთბისა და მარკეტინგის საფუძვლები, საფეხბურთო ღონისძიების ორგანიზება, სტადიონების მართვა, უსაფრთოების საკითხები, ფინანსები და სხვა. კურსის სასწავლო პროგრამა მოიცავდა, როგორც თეორიულ ისე პრაქტიკულ სემინარებს.
სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დაფინანსებით იმართება. ის უეფა-ს საგანმანათლებლო კურსის ქართული ანალოგია და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით მეოთხედ, GIPA-სთან თანამშრომლობის ფარგლებში კი, უკვე მესამედ იმართება.