გაანათე უკრაინისთვის!

31 მარტი, 2022
საქართველო უკრაინისთვის!

შემოუერთდი სოლიდარობის აქციას და სიმბოლურად 31 მარტს 22:00 საათზე გაანათე საკუთარი სახლის ფანჯრიდან.

საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებები სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს თავისუფლებისთვის ბრძოლაში, რადგან მიგვაჩნია, რომ თავისუფლება ჩვენი უალტერნატივო და მარადიული არჩევანია!

ასევე მიგვაჩნია, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი არის ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, ღირსებისთვის,
სახელმწიფოებრიობისთვის, რომელსაც უკრაინელი ხალხი დიდი სიმამაცით წარმართავს. ეს ბრძოლა ისევე გვეხება ჩვენ, როგორც უკრაინელებს. ჩვენ საერთო მტერი გვყავს, რომელსაც ერთი მიზანი აქვს: წაგვართვას ყველაზე ძვირფასი - თავისუფლება, რომლისთვისაც ბევრი მსხვერპლი გავიღეთ უკრაინელებმაც და ქართველებმაც.

დარწმუნებულები ვართ, რომ თავისუფალი თაობები უკრაინაშიც და საქართველოშიც იბრძოლებენ ბოლომდე და არ დათმობენ საკუთარი ქვეყნის არც ერთ გოჯ მიწას და ბოლომდე დაიცავენ ქვეყნის ღირსებას.

 
ჩვენ მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ სამშვიდობოს გავიყვანოთ ჩვენი ქვეყნები და მომავალ თაობებს თავისუფალ გარემოში განათლების, განვითარებისა და რეალიზების საშუალება მივცეთ. ჩვენ ვქმნიდით, ვქმნით და დარმწუნებულები ვართ, რომ კიდევ შევქმნით თავისუფალ გარემოს, სადაც თაობები მიიღებენ თანამედროვე ცოდნას, რადგან სწორედ ცოდნას მივყავართ თავისუფლებამდე.

გვჯერა, რომ თავისუფლებისთვის ამ ურთულეს ბროლაში უკრაინა და საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებენ და ბოროტი იმპერია მიზანს ვერასდროს მიაღწევს.

 
მივმართავთ ჩვენს სტუდენტებს, ახალგაზრდებს და საქართველოს ყველა მოქალაქეს:
მოდი, კიდევ ერთხელ გავაგონოთ ქართველების ხმა ჩვენ მეგობარ უკრაინელებს და მთელ მსოფლიოს - 31 მარტს, ზუსტად 22:00 სთ-ზე - ჩვენი სახლის ფანჯრებიდან, აივნებიდან, სახურავებიდან გავანათოთ იმის ნიშნად, რომ სინათლე აუცილებლად გაიმარჯვებს სიბნელეზე. ამ სიმბოლური აქტით კიდევ ერთხელ, სოლიდარობა გამოვუცხადოთ უკრაინას და თავისუფლებისთვის მებრძოლ ყველა გმირს!

შეგვიძლია თან ვიქონიოთ უკრაინისა და საქართველოს დროშები.
ჩვენ გავიმარჯვებთ!
დიდება უკრაინას!
დიდება საქართველოს!

კამპანია ხორციელდება კანტის აკადემიის ინიციატივით
მადლობა ფოტოსთვის Shermazana
მადლობა პოსტერისთვის Shota Gochitashvili

კამპანიის ორგანიზატორები:
ივ.ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თავისუფალი უნივესრიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, ევროპის უნივერსიტეტი,საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი-SEU, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი,მართვისა და კომუნიკაციების საერთაშორისო უნივერსიტეტი-ალტერბრიჯი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივესრიტეტი, ალტე უნივერსიტეტი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი,თბილისის სახელმწიფო სამხატრვო აკადემია,ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თელავის სახელმწიფო უნივერსტიტეტი, კანტის აკადემია