GIPA, პლატფორმა და ფრიდრიხ ებერტის ფონდი გიწვევთ კურსის ,,დანაშაული და სასჯელი: კრიტიკული პერსპექტივები" მეოთხე შეხვედრაზე - კარცერული ფემინიზმი
კარცერული ფემინიზმი ქალთა მიმართ ძალადობის, ექსპლოატაციისა და ტრეფიკინგის მიმართ მხოლოდ სამართლებრივად სადამსჯელო ზომების გამოყენებას გულისხმობს. ფემინისტური პოლიტიკის აღნიშნული ინსტრუმენტის მიმართ კრიტიკა ჩნდება ტრეფიკინგის პრევენციის სახელმწიფო პოლიტიკასთან მიმართებით, რომელმაც პრევენციული პოლიტიკის საფარქვეშ მიგრაციის ადმინისტრირების ინსტრუმენტი შექმნა. ქალთა მიმართ ძალადობის მიმართ მხოლოდ სადამსჯელო პოლიტიკის გამოყენების პრობლემურობა მდგომარეობს სამართალდამცავი უწყებებისა და მასზე მიბმული სახელმწიფო პოლიტიკების ავტონომიურ ინსტიტუციებად განხილვაში, რომელსაც თითქოს არ აქვს საერთო პატრიარქატის გამყარებასა და კაპიტალისტური წესრიგის გაძლიერებასთან. ფემინიზმის აღნიშნული ფორმის მიმართ წინააღმდეგობა ჩნდება თავად ფემინისტი ავტორებისა და აქტივისტების მხრიდან - ლექციაც სწორედ ამ წინააღმდეგობებისა და კრიტიკის მთავარი არგუმენტაციის ჩვენებასა და მასზე დაფუძნებით, დისკუსიის წახალისებას ისახავს მიზნად.
მომხსენებელი: ლიკა ჯალაღანია