22-27 ნოემბერს, GIPA Doc U ფესტივალის ფარგლებში დოკუმენტური ფილმების ერთკვირიანი სახელოსნო კახეთში ამუშავდება. სახელოსნო საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლის ორგანიზებით, ინტერნიუსის მხარდაჭერით იმართება.
სახელოსნოს ფარგლებში, ახალგაზრდა დოკუმენტალისტები ადგილობრივ მაცხოვრებელთა რეალურ ისტორიებზე დაყრდნობით მოკლე დოკუმენტურ ფილმებს გადაიღებენ.
პროექტში მონაწილეობის მსურველები შერჩევის ეტაპს გაივლიან. შერჩეული 12 მონაწილე მენტორებთან ერთად სიღნაღის მიმდებარე პატარა თემებს ეწვევიან და ისტორიებს მოიკვლევენ; ჯიპას ჟურნალისტიკის სკოლის მენტორების დახმარებით ისინი განავითარებენ ფილმის პროექტის იდეას და გადაიღებენ მოკლე ვერსიებს.
სახელოსნოს ფარგლებში შექმნილ მოკლე დოკუმენტურ ფილმებს ავტორები GIPA Doc U ფესტივალზე წარადგენენ, რომელიც 2021 წლის დეკემბერში გაიმართება. პროფესიონალი ჟიური გამოავლენს საუკეთესო პროექტს, რომლის ავტორებიც მიიღებენ ფულად ჯილდოს ფილმის მომავალი განვითარებისთვის.
GIPA Doc U ფესტივალს წელს 10 წლის იუბილე აქვს. ფესტივალზე გამარჯვებული სტუდენტური ნამუშევრები და ამ პლათფორმაზე განვითარებული პროექტები სხვადასხვა ეროვნული და საერთაშორისო კინოფესტივალის მონაწილეები გახდნენ.
სახელოსნოში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ დოკუმენტური ფილმით და ვიზუალური თხრობით დაინტერესებულ ახალგაზრდებს. მასში მონაწილეობა უფასოა და “ინტერნიუსის“ ფინანსური მხარდაჭერით იმართება.
გთხოვთ, მსურველებმა შეავსოთ განაცხადის ფორმა 15 ნოემბრამდე.
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ n.makhviladze@gipa.ge
---------------------------------
ინტერნიუსი არამომგებიანი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ადგილობრივი მედიის გაძლიერებას და გამოხატვის თავისუფლების გაფართოებას ისახავს მიზნად და მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში ახორციელებს პროექტებს. 2019 წელს ინტერნიუსი ამერიკულ ორგანიზაცია FilmAid-თან გაერთიანდა. ინტერნიუსის გლობალური წვდომის, ინფრასტრუქტურის და პროგრამული ექსპერტიზის მეშვეობით, FilmAid-ი მხატვრული და დოკუმენტური თხრობის ინოვაციურ მიდგომებს მთელ მსოფლიოში გაავრცელებს.