კინოთეატრ „ამირანი“-ში 25 მარტს გაიხსნა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ფოტოგრაფიის სასერტიფიკატო პროგრამის კურსდამთავრებულთა ფოტო-გამოფენა.
„გამოფენა, რომელიც დიალოგის წარმართვის საშუალებაა ფოტოგრაფსა და საზოგადოებას შორის, დამწყებ ფოტოგრაფებს დაეხმარება საკუთარი თავი და ხედვა წარუდგინონ ფართო აუდიტორიას“ - აღნიშნა ფოტოგრაფმა, მარი ნაკანმა გახსნის ცერემონიაზე.
მარი ნაკანი-მამასახლისის 3 თვიანი, საავტორო პროგრამის განმავლობაში, სტუდენტები სწავლობდნენ ფოტოაპარატის აგებულებასა და ტექნიკურ შესაძლებლობებს; ეცნობოდნენ ფოტოგრაფიის საფუძვლებსა და სხვადასხვა მიმდინარეობებს; ეძებდნენ და ირჩევდნენ საკუთარ სტილს.
მრავალფეროვანი იყო დამსწრეთა მიერ სწავლის განმავლობაში შესრულებული შემოქმედებითი დავალებების თემატიკა და სპექტრი. სტუდენტები იღებდნენ პორტრეტებს, ავტოპორტრეტებს, პეიზაჟებს; მუშაობდნენ კინო-კადრების განახლებაზეც და ეუფლებოდნენ ახალ ტექნოლოგიებს.
სტუდენტების მიერ გადაღებული მხატვრული, სტუდიური და სარეკლამო 26 ფოტო შეირჩა გამოფენისთვის „მე ვხედავ“, რომელიც კინოთეატრში „ამირანი“ 4 აპრილამდე გაგრძელდება.