ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული ყოველწლიურად დეკემბრის თვეში იმართება თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ორგანიზებით. მისი მიზანი სტუდენტებსა და ახალგაზრდებში ადამიანის უფლებების პრობლემური საკითხების შესახებ ცოდნის გავრცელება და უნივერსიტეტების თანამშრომლობის გზით ადამიანის უფლებების სამართლის შესახებ იდეათა და მოსაზრებათა აქტიური ურთიერთგაცვლაა. მონაწილე უნივერსიტეტებს სჯერათ, რომ ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელია ადამიანის უფლებათა პრობლემური საკითხების შესახებ ფართო საზოგადოებრივი დისკუსია და ქართულ საზოგადოებაში ადამიანის ღირსების, თავისუფლების და კანონის წინაშე თანასწორობის განმტკიცება.
2-10 დეკემბრის კვირაში, საქართველოს 15 უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ლექტორებისა და სტუდენტების მონაწილეობით, ადამიანის უფლებათა სამართლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება. ღონისძიებების თემები უნივერსიტეტების მიერ შეირჩა ქართული საზოგადოებისთვის მათი აქტუალობის საფუძველზე.
2019 წლის ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის დეტალური პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://bit.ly/33pvx3e
ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული ტარდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (USAID-PROLoG), ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით.