შეხვედრა გიორგი ცინცაძესთან თემაზე - ''რა უშლის ხელს მწვანე პოლიტიკის წარმოებას საქართველოში?”

25 ნოემბერი, 2019

28 ნოემბერს, GIPA-ში გაიმართება შეხვედრა გიორგი ცინცაძესთან თემაზე - "რა უშლის ხელს მწვანე პოლიტიკის წარმოებას საქართველოში?”.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მწვანე მოძრაობა დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე გაჩნდა, ჯერჯერობით მას ხელშესახები ცვლილებები არ მოუტანია. დიდ ქალაქებში, განსაკუთრებით თბილისსა და რუსთავში, ჰაერის დაბინძურება კლების ნაცვლად მატულობს; წიაღისეულის მომპოვებელი რეგიონები - ჭიათურა, ტყიბული და ბოლნისი - ეკოლოგიურ რღვევას განიცდიან; ტურიზმისა და ენერგეტიკის მზარდი ინდუსტრიები კი ბუნებრივ გარემოსა და ეკოსისტემების კვლავწარმოებას ახალ და მრავალხმრივ საფრთხეებს უქმნიან. რატომ ვერ ხერხდება საქართველოში წარმატებული მწვანე პოლიტიკის წარმოება? რა უშლის ხელს ეკოლოგიური წუხილების გარშემო ფართო საჯარო და პოლიტიკური კონსენსუსის ჩამოყალიბებას? რამდენად დაძლევადია ჩიხი, სადაც ეკოლოგიური მდგრადობა ეკონომიკურ განვითარებას უპირისპირდება, სახელმწიფო კი ხშირად არა მათ საერთო სამოქმედო ჩარჩოში მოქცევას, არამედ მათ შორის არჩევანის გაკეთებას გვთავაზობს?
 
გიორგი ცინცაძე გარემოს მეცნიერებათა ბაკალავრი, (კორნელის უნივერსიტეტი (2013-2017) და გარემოს მეცნიერებათა და პოლიტიკის მაგისტრია, (ჩიკაგოს უნივერსიტეტი (2017-2019), მისი კვლევითი და ჟურნალისტური ინტერესები კლიმატის ცვლილებას, „რესურსების წყევლისა" და მწვანე კრიტიკულ თეორიებს ეხება. ამჟამად გამოცემა „ლიბერალის" ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის მიმართულებების რედაქტორია.


დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია: http://bit.ly/2XOqoAn