საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრის სტრუქტურული ერთეულის სწავლების სრულყოფის ცენტრის (TEC) მიერ, 2019 წლის 6 ივლისს, ფრონტლაინ კლუბში ჩატარდა ტრენინგი „მოტივაციის ალქიმია და მისი მართვა.“ ცენტრი უნივერსიტეტის აკადემიურ და მოწვეულ პერსონალს სთავაზობს მოკლევადიან ტრენინგებს სხვადასხვა მიმართულებით და მიზნად ისახავს პერსონალის საჭიროებებიდან და მოთხოვნებიდან გამომდინარე, მათი სწავლების მიდგომების გაუმჯობესებასა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.
ტრენინგს „მოტივაციის ალქიმია და მისი მართვა“ უძღვებოდა ტრენერი - ანდრო დგებუაძე. ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა მოწვეული და აკადემიური პერსონალისთვის ჰოლისტიკური წარმოდგენის შექმნა ადამიანსა და მის შესაძლებლობებზე; სტუდენტის მიმართ სხვადასხვა მეთოდური მიდგომების გამოყენების გაცნობა; წესსა და თავისუფლებას შორის ბალანსის მიღწევის მეთოდების გაცნობა; მოტივაციის ალქიმია და მისი მართვა, რომელიც გულისხმობს საუბარს მოტივაციის აგებულებაზე, ნიჭსა და უნარზე, ჯანსაღ პედაგოგიკასა და მართვაზე. ტრენინგის მსვლელობისას ასევე განხილულ იქნა სწავლის სამი პარადიგმა: მორჩილება, კრიტიკა და შეგნება. ამასთან, მოხდა სწავლების კულტურის განხილვა ნეშის თამაშის თეორიის კუთხით. ტრენინგი განხორციელდა მონოლოგის ფორმატში, რომელიც ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა.