GIPA DocU - სტუდენტური დოკუმენტური ფილმების ფესტივალი - დაარსებიდან ექვს წელს ითვლის. ის 2011 წელს GIPA-ს მედია სკოლის ლექტორებმა და სტუდენტებმა IREX-ს მხარდაჭერით დაარსეს. დოკუმენტური ფილმები და მულტიმედია პროექტები, რომელებსაც ფესტივალის სტუმრები და პროფესიული ჟიური აფასებს, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის ქართველი, აზერბაიჯანელი და სომეხი სტუდენტების მიერ მზადდება.
GIPA DocU-ზე წარმოდგენილი ნამუშევრების წარმოება დოკუმენტური ფილმის კლასისა და ტრანსმედია პროექტების კლასის ფარგლებში ხდება. საუკეთესო ფილმებსა და მულტიმედია პროექტებს სპეციალურად შერჩეული პროფესიული ჟიური აფასებს. გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები გადაეცემათ. კონკურსისთვის მომზადებული სტუდენტური დოკუმენტური ფილმები საერთაშორისო ასპარეზზეც გადის და აღწევს წარმატებებს.