გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) გარემოსდაცვითი მენეჯმენტის და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებმა სამთვიანი სტაჟირება გაიარეს, ყველაზე წარმატებული სტუდენტები კი სამინისტროს შესაბამის სამსახურებში დასაქმდებიან.
სტუდენტებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი შეხვდა, სტაჟირების პროგრამის წარმატებით დასრულება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
აღინიშნა, რომ მხარეებს შორის აქტიური თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება და სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, ახალგაზრდები სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში შემავალ უწყებებში დასაქმდებიან.
გარემოსდაცვითი მენეჯმენტის და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების სტაჟირების პროგრამა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს (GIPA) შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება.
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) გარემოსდაცვითი მენეჯმენტის და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით შეიქმნა 2016 წელს და დღემდე წარმატებით აგრძელებს ფუნქციონირებას, იგი ერთადერთია ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში.
პროგრამის მიზანია მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება გარემოსდაცვითი მმათველობისა და პოლიტიკის სფეროში, რომლებიც შეძლებენ წარმატებით იმუშაონ როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში.