სამშაბათს 27 იანვარს, 19:00 საათზე, GIPA-ში სტუდენტებს მოწვეული სტუმარი, კარიერული დიპლომატი, მიხეილ დარჩიაშვილი შეხვდება.
მოწვეული სპიკერი ისაუბრებს საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესზე და მიმოიხილავს ამ პროცესში არსებულ შესაძლებლობებს და გამოწვევებს. აქვე რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევების გათვალისწინებით შეფასდება ნატოს უელსის სამიტის შედეგები, როგორც ალიანსის შესაძლებლობების განმტკიცების კუთხით ასევე საქართველოს უსაფრთხოების ამაღლების თვალსაზრისით.
მიხეილ დარჩიაშვილი არის კარიერული დიპლომატი 14 წლიანი გამოცდილებით. 2013 წლის ივლისიდან - 2014 წლის ნოემბრამდე მიხეილ დარჩიაშვილს ეკავა საქართვლოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტი. მის საკურატორი მიმართულებას ქვეყნის ნატოში გაწევრიანების პროცესი და საერთაშორისო ურთიერთობები წარმოადგენდა. იგი უშუალოდ იყო ჩართული უელსის სამიტზე საქართველოსთან დაკავშირებული საკითხებზე მოლაპარაკებების პროცესში ნატოს მხარესთან.
2001-2012 წლებში მიხეილ დარჩიაშვილს ეკავა სხვადასხვა პოზიცია დიპლომატიურ სამსახურში. 2004-2008 წლებში იგი მუშაობდა ბრიუსელში, ნატოსთან საქართველოს მისიაში, ხოლო 2008-2013 წლებში აშშ-ში საქართვლოს საელჩოში მას ეკავა უფროსი მრჩევლის, ხოლო შემდგომ საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის პოზიციები.
მიხეილ დარჩიაშვილი არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის კურსდამთავრებული, სახელმწიფო მმართველობის მაგისტრი, 2001 წლის გამოშვება.