ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
მისი პროფესიული საქმიანობა უკავშირდება აკადემიურ, კვლევით და საჯარო მმართველობის სფეროებს. აქვს მრავალწლიანი და ღირებული გამოცდილება უმაღლესი განათლების მართვის, საჯარო პოლიტიკის, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების და სახელმწიფო მმართველობის მიმართულებებით.
1992 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი. 1993-1994 წლებში სწავლობდა ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში (Central European University, პრაღა), ხოლო 1993-1996 წლებში აგრძელებდა სამეცნიერო საქმიანობას საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში.
1996-1997 წლებში ასწავლიდა ფილოსოფიას და კულტუროლოგიას თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში. 1995-2000 წლებში მუშაობდა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) თბილისის ოფისში ადგილობრივი მთავრობის ექსპერტად, სადაც ჩართული იყო დემოკრატიული მმართველობისა და საჯარო ადმინისტრირების მიმართულებით არსებულ საკითხებზე მუშაობაში.
2000 წლიდან გიორგი მარგველაშვილის კარიერა უკავშირდება საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს (GIPA), სადაც სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობას იკავებდა. 2000-2006 და 2010-2012 წლებში იყო GIPA-ს რექტორი, ხოლო 2006-2010 წლებში ხელმძღვანელობდა კვლევით დეპარტამენტს.
2012 წელს დაინიშნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრად, ხოლო იმავე პერიოდში ეკავა საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის თანამდებობა. 2013-2018 წლებში გახლდათ საქართველოს რიგით მეოთხე პრეზიდენტი.
დღესდღეობით გიორგი მარგველაშვილი აქტიურად არის ჩართული აკადემიურ და საზოგადოებრივ საქმიანობაში.
