GIPA განახლებული საერთაშორისო სტანდარტებით ავტორიზებულ უნივერსიტეტთა ხუთეულშია

საქართველოში დანერგილ ახალ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მიხედვით ავტორიზებული 24 უნივერსიტეტიდან GIPA საუკეთესო ხუთეულშია

საქართველოში უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში შემოთავაზებული ავტორიზაციის განახლებული საერთაშორისო სტანდარტებით, რომელიც 2017 წლამდე არსებული სამი სტანდარტის ნაცვლად 7 სტანდარტისა და 19 ქვესტანდარტის დაკმაყოფილებას გულისხმობს, საქართველოში ავტორიზაცია 28 უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ გაიარა. მათგან ავტორიზაცია მიიღო 24–მა უნივერსიტეტმა, მათ შორის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტმა (GIPA), რომელიც განახლებული საერთაშორისო სტანდარტებით ავტორიზებულ უნივერსიტეტთა ხუთეულშია.

საზაფხულო აკადემია ახალგაზრდა სპეციალისტებისათვის (SAYP)

31 აგვისტო

საზაფხულო აკადემია ახალგაზრდა სპეციალისტებისათვის (SAYP) შვედეთის საჯარო სააგენტოს, Svenska Institutet-ის იმ პროგრამის ნაწილია, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის და ბალტიის ზღვის ქვეყნებში მმართველობის მიმართულებით ცნობიერებისა და კომპეტენციების ამაღლებას ისახავს მიზნად. ამ პროგრამის ფარგლებში, GIPA-ს სოციალურ მეცნიერებათა სკოლამ და გოთენბურგის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის სკოლამ განახორციელეს ერთობლივი პროექტი: “მიგრაცია და ინტეგრაცია აღმოსავლეთ პარტნიორობის და ბალტიის ზღვის ქვეყნებში: ინკლუზიური საზოგადოებების განვითარების პოლიტიკური და ადმინისტრაციული გამოწვევები”.

პროექტი ითვალისწინებდა პოსტსაბჭოთა და აღმოსავლეთ ევროპის ახალგაზრდა სპეციალისტების  ანალიტიკური და პრაქტიკული უნარების განვითარების ხელშეწყობას, რაც, თავის მხრივ, ეფუძნებოდა სწავლებას: შვედი და ქართველი ლექტორების ლექციებსა და სემინარებს მიგრაციისა და ინტეგრაციის საკითხებზე, ქართველი პრაქტიკოსების გამოცდილების გაიარებას, საველე ვიზიტებს წეროვანსა და კოდაში, პრობლემაზე-დაფუძნებულ სავარჯიშოებს და მცირე პროექტებზე მუშაობას (20-31 აგვისტო 2018).