2018 წლის 4 მაისს, ქ. თბილისში VRA-ს პლატფორმის პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ პლატფორმის წევრები შიდა ქართლის, კახეთის, აჭარის, იმერეთის, ქვემო ქართლის და რაჭის ვეტერინართა რეგიონული ასოციაციებიდან. პლატფორმის შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ კერძო ვეტერინარები გურიიდან (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი) და მცხეთა-მთიანეთიდან (დუშეთის მუნიციპალიტეტი), სოფლის განვითარების საერთაშორისო ასოციაციის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და სამცე-ჯავახეთის ვეტერინართა რეგიონული ასოციაციის წარმომადგენლები.
პლატფორმის შეხვედრა მოეწყო სკაიპ კონფერენციის საშუალებით. VRA-ს პლატფორმის წევრებმა წარმოადგინეს რეგიონებში არსებულ ვითარებაზე მოკლე პრეზენტაციები და ისაუბრეს როგორც განხორციელებულ, ასევე დაგეგმილ ღონისძიებებზე. შეხვედრა მიზნად ისახავდა პლატფორმის თავმჯდომარის და კოორდინატორის არჩევას.
პლატფორმის თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს შიდა ქართლის ვეტერინართა რეგიონული ასოციაიცის თავმჯდომარე ზაქარია გინტური, ხოლო პლატფორმის კოორდინატორად GRDD/GIPA-ს წარმომადგენელი - ქეთევან რუხაძე. პლატფორმის წევრებს ასევე ეცნობათ, რომ ზაქარია გინტური დაესწრებოდა ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამის სამეთვალყურეო ჯგუფის 2018 წლის 15 მაისის შეხვედრას.
ცხოველთა ჯანმრთელობის (AH) დაცვის ვეტერინართა რეგიონული ასოციაციების (VRA) პლატფორმა წარმოადგენს მექანიზმს, რომელიც ემსახურება კომუნიკაციის გაუმჯობესებისა და გამოცდილების გაზიარების პრაქტიკის ხელშეწყობას რეგიონში ცხოველთა ჯანმრთელობის მიმართულებით დაინტერესებულ მხარეებს შორის. ასევე აღსანიშნავია, რომ პლატფორმა ხელს შეუწყობს კერძო ვეტერინართა აქტივობების ზრდას.
საქართველოში ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის ვეტერინართა რეგიონული ასოციაციების (VRA) პლატფორმის ძირითადი ამოცანებია: რეგიონული რესურსების მობილიზება; ერთიანი მკაფიო გზავნილის შემუშავება, რომელიც გააუმჯობესებს თანამშრომლობას კერძო და საჯარო სექტორებს შორის; ეროვნულ დონეზე ცხოველთა ჯანმრთელობის საკითხების ადვოკატირება და ლობირება; დიალოგის და კოორდინაციის უზრუნველყოფა, რაც ხელს შეუწყობს ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვას ხელისუფლებასა და ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებს შორის; ვეტერინარიისა და ცხოველთა ჯანმრთელობის სფეროში კომპეტენტური პროფესიონალი კადრების მობილიზება.
საქართველოში ცხოველთა ჯანმრთელობის (AH) დაცვის ვეტერინართა რეგიონული ასოციაციების (VRA) პლატფორმა ჩამოყალიბდა აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ცხოველთა ჯანმრთელობის (AH) პროგრამის მხარდაჭერით, რომელიც 2008 წლიდან ხორციელდება საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის (GRDD of GIPA) მიერ პარტნიორ ორგანიზაცია - კოლორადოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან (CSU) თანამშრომლობით.
პლატფორმის დაარსება ხელს შეუწყობს საქართველოს 7 რეგიონში (კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, შიდა ქართლი, აჭარა, იმერეთი და ქვემო ქართლი) უკვე შექმნილი ასოციაციების შემდგომ განვითარებას, რომლებიც აერთიანებენ 270 აქტიურ კერძო ვეტერინარს და ასოციაციების ძირითადი მიზნის მიღწევას, რაც გულისხმობს ქვეყანაში ვეტერინარული მომსახურების დონის და ადამიანისა და ცხოველთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას.
"ჩემთვის დიდი პატივია ვიყო VRA-ს პლატფორმის თავმჯდომარე და წარმოვადგინო ვეტერინართა რეგიონული ასოციაციების ინტერესები ეროვნულ დონეზე. ვიმედოვნებ, რომ ჩვენ წარმატებით მივაღწევთ ჩვენს მიერ დასახულ მიზნებს", - განაცხადა ბნ. გიუნტურმა.