22-27 ივლისი 2018. კახეთი - საპროექტო იდეების გენერირება, ახალგაზრდული პროექტების წერა და გუნდური მუშაობა იყო წამყვანი თემები ახალგაზრდული საზაფხულო ბანაკისა, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით და ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) ინიციატივით კახეთში ჩატარდა. ღონისძიება ევროკავშირის პროექტის “სოფლის განვითარების ახალი მიდგომის ხელშეწყობა ახალქალაქში” ფარგლებში შედგა.
ბანაკის ფარგლებში ახალგაზრდები გაეცნენ კახეთის რეგიონის ისტორიას, მოინახულეს კულტურულ-ისტორიულ და რეკრეაციულ ადგილები, გაიგეს რეგიონის საგანმანათლებლო დაწესებულებათა სასწავლო პროგრამების შესახებ, შეისწავლეს ადგილობრივი ტრადიციული ხელსაქმის - მოჩითვისა და ქართულ სუფრის შექმნის ხელოვნება. მასპინძელ ოჯახთან ერთად მოამზადეს ადგილობრივი კერძები. ახალგაზრდები გაეცნენ ადგილობრივი ტურიზმის განვითარების ტენდენციებსა და გაუმჯობესებული კომუნიკაციის სწავლების ინოვაციურ მეთოდებს. აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ ბანაკს ადგილობრივი, კახელი ახალგაზრდები მასპინძლობდნენ.
“მნიშვნელოვანია ახალქალაქში ახალგაზრდული ინიციატივების ხელშეწყობა და რეგიონთაშორისი კონტაქტების განვითარება მოხდეს, ეს აქტივობები კი ბანაკის მონაწილეების სამომავლო განვითარების და ინტეგრაციის წინაპირობაა. გუნდური თამაშის საშუალებით ახალგაზრდები შეძლებენ გააუმჯობესონ კომუნიკაცია და შეინარჩუნონ კონტაქტები არა მხოლოდ ბანაკში ყოფნისას, არამედ მათთვის არაჩვეულ გარემოშიც”- აღნიშნა ფსიქოლოგმა მარიამ დავითაშვილმა.
ბანაკის მსვლელობისას განსაკუთრებული აქცენტები რეგიონული განვითარების და ტურიზმის მიმართულებით გაკეთდა. კახეთის რეგიონი კი ახალქალაქის LAG-ის მიერ სპეციალურად შეირჩა, როგორც ტურისტული სერვისების სწრაფმზარდი და მაღალი პოტენციალის მქონე რეგიონი. ახალგაზრდები კახეთის წარმატებულ სასტუმრო კომპლექსებსა და ტურისტებისთვის მიმზიდველ ადგილებს ეწვივნენ. საინტერესო ლექციები გაიმართა ტურიზმის განვითარების შესახებ. “ჩვენი რეგიონისთვის ტურიზმის განვითარება ერთ-ერთი სტრატეგიული კომპონენტია, მსგავსი ლექციები კი გვეხმარება უკეთ გავეცნოთ სტუმართმასპინძლობის სფეროში არსებულ გამოწვევებს”- განაცხადა ახალქალაქის LAG-ის თავმჯდომარემ, ანუშ გილოიანმა.
ეს არის ახალქალაქის LAG-ის მიერ ინიცირებული პირველი ახალგაზრდული ბანაკი, მსგავსი აქტივობების განხორციელება მომავალშიც იგეგმება.
პროექტს “სოფლის განვითარების ახალი მიდგომის ხელშეწყობა ახალქალაქში” ახორციელებს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტი (GRDD/GIPA). პროექტის პარტნიორები არიან მერსი ქორფსი, ELVA საზოგადებრივი ჩართულობა და დასავლეთ კორკის განვითარების პარტნიორობა. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირი საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში.
ევროკავშირი (EU) ხელს უწყობს სოფლად სიღარიბის შემცირებასა და სოფლის განვითარების თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის დახმარებით. საქართველოში პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე: www.enpard.ge