2018 წლის 20 აპრილს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მმართველობის სკოლაში შედგა შეხვედრა საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომლებთან, რომლებიც 2018 წლის 29 იანვარს GIPA-სა და პარლამენტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში მმართველობის სკოლის სამაგისტრო პროგრამებზე სხვადასხვა მოდულებს დაფარავენ. პარლამენტის თანამშრომლებს მიესალმა GIPA-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - არჩილ გერსამია, რომელმაც მომავალ მსმენელებს გააცნო საჯარო მმართველობის, საჯარო პოლიტიკისა და ადგილობრივი თითმმართველობის სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელები და კოორდინატორები, ხოლო ტრენინგ ცენტრის წარმომადგენელმა სოფო სუხიაშვილმა, სტუმრებს წარუდგინა ის შეთავაზებები რაც მემორანდუმის ფარგლებში მათთვის აქვს GIPA-ს ტრენინგებისა და კოსულტაციების ცენტრს. შეხვედრის ბოლოს სამაგისტრო პროგრამების კოორდინატორებმა სტუმრებს გააცნეს ყველა ის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წეი რაც მათზე როგორც სტუდენტებზე გავრცელდება. GIPA-ს მმართველობის სკოლა 1994 წელს, საქართველოს მთავრობის და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მართვის ეროვნული აკადემიის (NAPA) მოლაპარაკებისა და ერთობლივი პროექტის საფუძველზე შეიქმნა. მმართველობის სკოლის მიზანი ახალი ტიპის სახელმწიფო მოხელის გაზრდაა, რომელიც სახელმწიფო მართვისა და სახელმწიფოებრივი მოწყობის პრინციპებში, ორგანიზაციულ და ადმინისტრაციულ თეორიებსა და სამართალში, საჯარო მართვის თეორიასა და პრაქტიკაში, საჯარო მართვის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ისტორიულ ასპექტებში უკეთ შეძლებს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას, სწორედ ამ მიზნიდან გამომდინარე თითქმის 25 წელია GIPA აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს საჯარო სექტორთან და ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე კვლავ განაგრძობს მსგავსი ტიპის ღონისძიებების ჩატარებას.