საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მმართველობის სკოლასა და ჰამბურგის უნივერსიტეტის (UNIVERSITÄT HAMBURG) ბიზნესის, ეკონომიკისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტს შორის გაფორმებული დოკუმენტის “შეთანხმება აკადემიური თანამშრომლობის შესახებ“ ფარგლებში, მიმდინარე წლის 24-26 აპრილს მოკლევადიანი სასწავლო ვიზიტით (study trip) GIPA-ს ეწვია აღნიშნული უნივერსიტეტის დელეგაცია, რომელიც წარმოდგენილია 15 სტუდენტით, 2 პროფესორით და საერთაშორისო ურთიერთობათა ოფისის დირექტორით. ჰამბურგის უნივერსიტეტი ჩრდილოეთ გერმანიის ყველაზე დიდი უნივერსიტეტია, რომელშიც სცვადასხვა დროს სწავლობდა და მოღვაწეობდა ნობელის პრემიის 6 ლაურეატი. GIPA-ში ვიზიტის პერიოდში ჩატარდება ერთობლივი ლექციები, პრეზენტაციები და სემინარები. გერმანელ კოლეგებს მიეცემათ შესაძლებლობა ადგილზე გაეცნონ ქარველი პარტნიორის საქმიანობას და დაამყარონ პირდაპირი საქმიანი კონტაქტები GIPA-ს სტუდენტებთან და აკადემიურ პერსონალთან. დაგეგმილია შეხვედრები სამთავრობო უწყებებთან და არასამთვარობო ორგანიზაციებთან. GIPA-ში ვიზიტი წარმოადგენს ჰამბურგის უნივერსიტეტის სტუდენტების სამაგისტრო პროგრამის კურიკულუმის შემადგენელ ნაწილს და იგი გერმანელ სტუდენტებს კრედიტებში ეთვლებათ. ამავე სქემის შესაბამისად, მომავალ წელს, იგეგმება GIPA-ს სტუდენტების ვიზიტი გერმანელ პარტნიორთან. ზემოთაღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, ორ უნივერსიტეტს შორის დაინერგა სტუდენტების გაცვლითი პროგრამა, რომლის ფარგლებში შესაძლებელია ყოველწლიურად 4-4 სტუდენტის გაგზავნა პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების სრული სემესტრის გასავლელად. აღსანიშნავია, რომ ამა წლის 3 აპრილიდან 30 ივლისის ჩათვლით, GIPA-ს საჯარო პოლიტიკის მაგისტრანტი არჩილ მარკოზაშვილი სწავლობს ჰამბურგის უნივერსიტეტში „MSc Interdisciplinary Public and Nonprofit Studies (PUNO)“ სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში.