ტრეინინგ-პროგრამა ქართველი და სომეხი ჟურნალისტებისთვის: “ვერიფიკაციის სკოლა”
დრო: თბილისი, 16-20 ოქტომბერი
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 13 ოქტომბერი, 18:00
ინფორმაცია “ვერიფიკაციის სკოლის” შესახებ
პროექტის “დეზინფორმაციის დამარცხება: ტრეინინგ-პროგრამა ჟურნალისტებისა და ჟურნალისტიკის სტუდენტებისთვის” ფარგლებში ჩეხეთის არასამთავრობო ორგანიზაცია Transitions (TOL) საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტთან (GIPA) საქართველოში და მედია ინიციატივების ცენტრთან (MIC) ერთად სომხეთში, აცხადებენ ჟურნალისტების მიღებას “ვერიფიკაციის სკოლაში”. სკოლის პირველი ტრენინგი ჩატარდება თბილისში, 16-20 ოქტომბერს, ხოლო დასკვნითი ტრენინგი ჩატარდება ერევანში, 2017 წლის დეკემბერში.
ტრენინგის განმავლობაში 8 ჟურნალისტი სომხეთიდან და 8 მონაწილე საქართველოდან შეისწავლიან დეზინფორმაციის, ცრუ ინფორმაციის, პროპაგანდისტული კონტენტის ამოცნობისა და გადამოწმებისთვის სასარგებლო ინსტრუმენტებს, სოციალურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მონიტორინგის გზებს და იმუშავებენ საკუთარ პროექტზე, რომელიც დეზინფორმაციის გამოაშკარავებას და მისი გავლენისგან საზოგადოების დაცვას გულისხმობს.
ტრენინგს გაუძღვებიან:
რასტო კუზელი (სლოვაკეთი), სლოვაკეთის არასამთავრობო ორგანიზაცია MEMO 98-ის დირექტორი, მედიისა და არჩევნების საერთაშორისო ექსპერტი თითქმის 20-წლიანი გამოცდილებით და რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გავრცელების შესახებ არაერთი კვლევისა თუ ანგარიშის ავტორი და თანაავტორი.
ეოგან სვინი (ბერლინი), First Draft-ის გლობალური ტრენინგების დირექტორი, Storyful-ის ერთ-ერთი ყოფილი რედაქტორი და ძველი თანამშრომელი, რომელმაც ონლაინ კონტენტის მონიტორინგისა და გადამოწმების მნიშნველოვანი საშუალებები შეიმუშავა.
სკოლის რეგიონული ტრენერები არიან ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი ნატა ძველიშვილი და მედია ინიციატივების ცენტრის მედია ექსპერტი გეღამ ვარდანიანი.
მონაწილეთა შერჩევის კრიტერიუმები
- ჟურნალისტები უნდა თანამშრომლობდნენ მედიასაშუალებებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ პროფესიული ეთიკის სტანდარტებს;
- სასურველია (არა სავალდებულო) შეეძლოთ კომუნიკაცია ინგლისურ ენაზე, რომელიც ტრენინგის ძირითადი სამუშაო ენაა;
- სასურველია ჰქონდეთ გამოცდილება ონლაინ-ინსტრუმენტებით ინფორმაციის გადამოწმებაში
ან
წარმოადგინონ თემა, რომელზე მუშაობისთვის ესაჭიროებათ ონლაინ გავრცელებული დეზინფორმაციის გადამოწმება.
ტრეინინგ-პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად შეირჩევა 8 ქართველი მონაწილე, რომლებიც 8 სომეხ ჟურნალისტთან ერთად ჩაერთვებიან სკოლის პირველ ტრენინგში თბილისში, ხოლო დასკვნით ტრენინგზე დეკემბერში სომხეთში გაემგზავრებიან. პროექტი სრულად აფინანსებს სომეხი და ქართველი მონაწილეების მგზავრობისა და ცხოვრების ხარჯებს.
საკონტაქტო პირი ანა ქეშელაშვილი, a.keshelashvili@gipa.ge
ტრეინინგ-პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი ინგლისურ ენაზე ამ ბმულზე:
13 ოქტომბრის 18:00 საათამდე.
შენიშვნა: პროექტი ხორციელდება ნიდერლანდების საგარეო სამინისტროსა და ჩეხეთის, უნგრეთის, სლოვაკეთისა და პოლონეთის მთავრობების დაფინანსებით ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის გრანტიდან. ფონდის მიზანია, მხარი დაუჭიროს ცენტრალური ევროპის რეგიონში მდგრადი თანამშრომლობის ხელშემწყობ იდეებს.