საჯარო ლექცია კლუბ „ფრონტლაინ ჯორჯია“-ში

03 ოქტომბერი, 2017

 

 

 

პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) ხელშეწყობით, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ორგანიზებით, 10 ოქტომბერს, 19:00 საათზე მედია კლუბში „ფრონტლაინ ჯორჯია“ გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე:

პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა და ადამიანის სწრაფვა თავისუფლებისაკენ

მოხსენებას წაიკითხავს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ადამიანის უფლებების კურსის ხელმძღვანელი ვახუშტი მენაბდე.

ყოველ ადამიანს აქვს ბუნებრივი მისწრაფება გააჩნდეს ფიზიკური თავისუფლება და ეს თავისუფლება არ დაუქვემდებაროს სახელმწიფოს სამართალდამცავ ორგანოებს. ამგვარი მიმართება პიროვნული კონსტიტუციის შემადგენელი ნაწილია და იმდენად გამჯდარია ადამიანში, რომ აღიქმება, როგორც ინსტინქტური რეაცია სახელმწიფოს მიერ დაწესებული ფიზიკური შეზღუდვების, ან ამ შეზღუდვების მცდელობების წინააღმდეგ. აქედან გამომდინარეობს უფლება, რომელიც სახელმწიფოს უკრძალავს რეპრესიული ზომები გაატაროს მათ წინააღმდეგ, ვინც საკუთარი ფიზიკური თავისუფლების შენარჩუნების ანდა მოპოვების მიზნით არ ემორჩილება ხელისუფლების მოთხოვნას. ამავდროულად, გასათვალისწინებელია ის, რომ ამგვარმა დაუმორჩილებლობამ საფრთხე არ უნდა შეუქმნას სხვას.

საქართველოს კანონმდებლობაში ვხვდებით რამდენიმე ნორმას, რომელთა არსებობა ძირს უთხრის ზემოაღნიშნულ ხედვას. ისინი სახელმწიფოს მხირიდან ხშირად გამოიყენება სამოქალაქო პროტესტის მოსათოკად. მომხსენებელი ლექციაზე მიმოიხილავს ამ ნორმებს და მათ გამოყენების პრაქტიკას, ასევე ისაუბრებს სხვა ქვეყნების გამოცდილებაზე, ისევე როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე.

PROLoG-ის პროექტის იმპლემენტაციას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI), რომელიც ფინანსდება ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ.

 

დასწრება თავისუფალია

მისამართი: თბილისი, ლადო ასათიანის ქ. 62