ტრენინგის მიზანი - ტრენინგის ჩატარების მიზანია საშუალო და მაღალი რგოლის საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლება მონიტორინგისა და შეფასების მიმართულებით. სესიების ფარგლებში განხილული თემები დაეხმარებათ პროექტებზე მომუშავე საჯარო მოხელეებს მათი ყოველდღიური სამუშაოს შესრულებაში. ტრენინგ-სესიებისათვის უფრო პრაქტიკული სახის მისაცემად და საჯარო მოხელეთა საჭიროებებზე უკეთ მოსარგებად, სწავლის პროცესში გამოყენებული იქნება სიტუაციური ანალიზები (ქეისები).
ტრენინგის ხანგრძლივობა 7 კვირა:
- მოცულობა 40 საათი
- 14 შეხვედრა - 13 ლექცია და 1 საბოლოო გამოცდა
- საღამოს სწავლება - 19:00-დან 22:00-მდე
შეხვედრები გაიმართება კვირაში ორჯერ, ოთხშაბათს და პარასკევს, GIPA-ს შენობაში.
იხილეთ შემოდგომის სესიის ცხრილი
სწავლების ენა:
- ქართული
- სასწავლო მასალა ქართულ ენაზე (სურვილის შემთხვევაში, სასწავლო მასალების მიწოდება შესაძლებელია ინგლისურ ენაზეც)
სერტიფიკატი
სწავლის წარმატებით დასრულების შემდეგ, ტრენინგის მონაწილეებს გადაეცემათ შედეგზე ორიენტირებული მონიტორინგისა და შეფასების პროგრამის გავლის დამადასტურებელი GIPA- ს სერტიფიკატი.
რეგისტრაცია
ტრენინგის გავლის მსურველებმა უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა. რეგისტრაციი გავლის ბოლო ვადაა 13 ოქტომბერი. მონაწილეები შეირჩევიან ონლაინ სარეგისტრაციო ფორმის საფუძველზე. შერჩევის კრიტერიუმებია - პროექტებზე მუშაობის გამოცდილება და მოტივაცია. ტრენინგში მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობაა 35 საჯარო მოხელე. შერჩეულ აპლიკანტებს დავუკავშირდებით 17 ოქტომბერს. შემოდგომის სესია დაიწყება 20 ოქტომბრიდან.
დასარეგისტრირებლად იხილეთ: საჯარო მოხელეთა რეგისტრაცია
ინფორმაცია ტრენერების შესახებ:
ტრენინგს გაუძღვებიან GIPA-სა და GEA-ს ინსტრუქტორები, რომელთაც გავლილი აქვთ მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული ტრენინგი ტრენერთათვის:
1. ნიკოლოზ აბუაშვილი - GIPA
ბიზნეს პრობლემების გადაწყვეტის 20+ წლიანი გამოცდილება. რიგითი თანამშრომლიდან დაწყებული, ზედა რგოლის მენეჯერობითა და კონსულტანტობით დამთავრებული, მას უმუშავია კერძო და საჯარო ორგანიზაციების ფართო წრესთან, როგორებიც არიან ბანკები („თიბისი ბანკი“, „სახალხო ბანკი“ და სხვა), ინფრასტრუქტურული კომპანიები (საქართველოს რკინიგზა, ბათუმისა და ფოთის პორტები), მწარმოებლები (ლუდსახარშები „ლომისი“ და „ნატახტარი“), სამთავრობო და საერთაშორისო ინსტიტუტები (GEPA, GTZ, KfW, TACIS, მსოფლიო ბანკი) და სხვა ორგანიზაციები სხვადასხვა სექტორიდან.
1995 წლიდან ატარებს პროფესიულ ტრეინინგებსა და ეწევა აკადემიურ მოღვაწეობას. კითხულობდა ლექციებს თავისუფალი უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ტენესის უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის. არის კომპანია „Business Infrastructure Solutions“–ის დამფუძნებელი პარტნიორი.
მისი კომპენტენცია არის ბიზნესების ღირებულების ზრდა, მათი გაჯანსაღება და განვითარება, მარკეტინგის დაგეგმვა და განხორციელება, საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვა, პროექტების მართვა და პერსონალის განვითარება.
2. ნინო ღონღაძე - GIPA
მმართველობის სკოლის სამაგისტრო პროგრამების აკადემიური ხელმძღვანელი და GIPA-ს მმართველობის სკოლის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი. ფლობს სოციალურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხს. GIPA-ში მოსვლამდე, მუშაობდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში. ნინო არის GIPA-ს ლექტორი, ასწავლის კვლევის მეთოდებსა და საჯარო პლიტიკას. გარდა ამისა, ნინო ჩართულია სამეცნიერო კვლევებში სახელმწიფო მმართველობის საკითხებზე. ამჟამად, ნინო ღონღაძე არის საჯარო პოლიტიკის მიმართულების კოორდინატორი (მმართველობის რეფორმის ფონდი) გაეროს განვითარების პროგრამაში.
3. ლიზი სოფრომაძე - GIPA
„რეგიონის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი; სახელმწიფო მმართველობის მაგისტრი, სპეციალობა - ადგილობრივი თვითმმართველობა;
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ლექტორი - კურსი: ადგილობრივი თვითმმართველობა და მოქალაქეთა ჩართულობა მმართველობის პროცესში; არის კვლევებისა და პუბლიკაციების ავტორი; თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, NDI-ისა და IRI-ის მიწვევით ადგილობრივ საჯარო მოხელეებს უტარებს ტრენინგებს თვითმმართველობის საკითხებში. ასევე, ატარებს ტრენინგებს პროექტის მართვის, სტრატეგიული დაგეგმვისა და ადვოკატირების საკითხებზე. GIZ-ის მიწვევით ექსპერტულ დახმარებას უწევს კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებს სამოქმედო გეგმებისა და მუნიციპალიტეტების პრიორიტეტების დოკუმენტების შემუშავების პროცესში.
4. ნინო ლოლაძე - GIPA
„რეგიონის განვითარების ცენტრის“ პროექტების მენეჯერი; სახელმწიფო მმართველობის მაგისტრი, სპეციალობა - ადგილობრივი თვითმმართველობა; საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ლექტორი, კურსი - ადგილობრივი ეკონომიკური განვითარება; არის კვლევებისა და პუბლიკაციების ავტორი; თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, NDI-ისა და IRI-ის მიწვევით ადგილობრივ საჯარო მოხელეებს უტარებს ტრენინგებს: ადგილობრივი თვითმმართველობის ეკონომიკური განვითარება და ბიუჯეტირება, სტრატეგიული დაგეგმვა, პროექტის მართვა; GIZ-ის მიწვევით ექსპერტულ დახმარებას უწევს კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებს სამოქმედო გეგმებისა და საშუალოვადიანი პრიორიტეტების დოკუმენტების შემუშავების პროცესში.
5. ირაკლი გალდავა - GIPA
ირკალი გალდავა ფლობს ეკონომიკის მაგისტრის ხარისხს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლიდან (ISET). 2011 წლიდან იგი ეწევა კვლევით და აკადემიურ საქმიანობას. 2011 წლიდან 2014 წლამდე ირაკლი გალდავა იკავებდა მკვლევარის თანამდებობას ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის კვლევით ცენტრში (ISET Policy Institute), ხოლო 2014 წლიდან გახლავთ მთავარი სპეციალისტი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში. 2011 წლიდან იგი იყო ასისტენტი ეკონომეტრიკული პროგრამის (STATA) სწავლებაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ISET-ში იყო ლექტორის ასისტენტი ხარჯისა და სარგებლიანობის ანალიზის კურსში და ამავდროულად ჩატარებული აქვს ტრენინგები გამოყენებით ეკონომეტრიკაში და პროგნოზირების მეთოდებში სხვადასხვა ორგანიზაციებისათვის. ირაკლი ასევე გახლავთ თანაავტორი ორი სალექციო კურსისა (i. ენერგეტიკული პოლიტიკის მოდელირება და ანალიზი, ii. ენერგეტიკული პოლიტიკის მდგრადი განვითრება), რომელიც მომზადდა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.
6. ვახტანგ ზარქუა - GEA
ინჟინერ-ჰიდროენერგეტიკოსი, ბუნებრივი რესურსების რაციონალურად გამოყენების სპეციალისტი. 1983 - 1986 წლებში მუშაობდა ენგურჰესისა და ხუდონჰესის მშენებლობებზე, 1986-1996 წლებში კი საძიებო-საპროექტო ინსტიტუტ „თბილჰიდროპროექტში“ ინჟინრად და წამყვან ინჟინრად. 1995 წლიდან დღემდე არის არასამთავრობო ორგანიზაცია „ენერგოეფექტურობის ფონდის“ დირექტორი. მისი ხელმძღვანელობით მომზადდა და განხორციელდა მრავალი საგანმანათლებლო, საკონსულტაციო, საინფორმაციო, კვლევითი და სადემონსტრაციო პროექტი ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის მიმართულებებით. არის მრავალი სტატიისა და წერილის ავტორი ენერგეტიკული პოლიტიკისა და გარემოს დაცვის სფეროებში.
7. ნინო სააკაშვილი - GEA
კომპანია EMC-ის (Evaluation and Management Consulting) დამფუძნებელი. მისი კომპეტენციაა სტრატეგიული დაგეგმვა, ორგანიზაციული განვითარება და მართვა, მონიტორინგი და შეფასება. მისი რჩევითა და დახმარებით სხვადასხვა სამთავრობო უწყებებმა განავითარეს შედეგებზე ორიენტირებული სტრატეგიული გეგმები, სამოქმედო გეგმები და შესრულებული სამუშაოს შედეგების შეფასების გეგმა. მას აქვს 20 წლიანი მუშაობის გამოცდილება ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დონორ ორგანიზაციებთან, მათ შორის: USAID, World Bank, EU, GIZ, UNDP და მრავალი სხვა.
2008 წელს ნინო სააკაშვილმა დააარსა საქართველოს შეფასების ასოციაცია (GEA), სადაც ის არის მმართველო საბჭოს პრეზიდენტი. ის არის IPEN-ის (International Program Evaluation Network) თანადამფუძნებელი და მმართველი საბჭოს წევრი. 2001 წლიდან არის AEA-ს (American Evaluation Association) წევრი. 2008 წლიდან არის ევროპის შეფასების საზოგადოების (EES) წევრი. მას აქვს ძალიან აქტიური როლი შეფასების სტრატეგიების, პოლიტიკისა და პრაქტიკის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში, ისევე, როგორც შეფასების სისტემების ინსტიტუციონალიზაციაში საქართელოს სამთავრობო და არასამთავრობო სექტორებში. ის არის სხვადასხვა წიგნის, სტატიისა და ნაშრომის ავტორი და რედაქტორი.