საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით, GIPA აცხადებს მიღებას „პრაქტიკული პოლიტიკის სკოლაში“. პროგრამა ერთწლიანია და მისი მიზანია დაეხმაროს აქტიური პოლიტიკით დაინტერესებულ მსმენელებს შესაბამისი აკადემიური ცოდნის მიღებასა და უნარ-ჩვევების გამომუშავებაში. კურსს გაუძღვებიან წამყვანი ქართველი ექსპერტები - პოლიტიკის, სამართლის, ეკონომიკის, უსაფრთხოების, დიპლომატიის და საზოგადოებრივი ურთიერთობების მიმართულებებით.
პროგრამა გამორჩეული და უნიკალურია გამომდინარე მასში ჩართული ექსპერტების მაღალი პრაქტიკული გამოცდილებით და პროფესიონალიზმით, გასვლითი შეხვედრებით, საზაფხულო სკოლითა და როლური/სიმულაციური სამუშაოებით. პროგრამის შინაარსი მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს მიღებული კომპეტენციის და შეძენილი უნარების საფუძველზე შეაფასონ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური მოვლენები, შექმნან ინტელექტუალური პოლიტიკური კაპიტალი და მონაწილეობა მიიღონ ქვეყანაში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში.
პროგრამა შედგება 5 სასწავლო მოდულისგან:
1. ეკონომიკა - გიორგი ბაქრაძე
2. სამართალი - დავით ჯანდიერი
3. უსაფრთხოება - ნოდარ ხარშილაძე
4. დიპლომატია - თორნიკე შარაშენიძე
5. პოლიტიკური PR - ინგა გრიგოლია
კურსზე შეირჩევიან უმაღლესი განათლების მქონე ის აპლიკანტები, რომელთაც აქვთ ინტერესი და ამბიცია, რომ კარგად ერკვეოდნენ პოლიტიკურ-საზოგადოებრივ მოვლენებში და ამასთანავე სურთ შეიტანონ თავიანთი წვლილი ძლიერი და დემოკრატიული საქართველოს მშენებლობა-განვითარებაში. შერჩევისას უპირველეს ყოვლისა ყურადღება მიექცევა მოტივაციას.
შერჩევა დაფუძნებულ იქნება მაღალ სტანდარტებსა და მოთხოვნებზე. გარდა ამისა, კურსში ჩართულობა მონაწილეებისაგან მოითხოვს მაქსიმალური დროს და კონცენტრაციას, შესაბამისად დასწრება მკაცრად გაკონტროლდება.
ლექციები ჩატარდება კვირაში სამჯერ (2 სამუშაო დღე - საღამოს საათებში და შაბათი - დღის განმავლობაში).
მისაღები პროცედურები იყოფა ორ ეტაპად:
1. საბუთების მიღება/გადარჩევა
2. გასაუბრება მიმღებ კომისიასთან
გასაუბრებაზე წარმოდგენილი იქნებიან საუკეთესო აპლიკანტები, რომლებიც გაივლიან შერჩევის პირველ ეტაპს.
მისაღები დოკუმენტაცია არის შემდეგი:
• CV
• სამოტივაციო ვიდეო-მიმართვა (რეგლამენტი - 3 წუთი) ან სამოტივაციო წერილი
შენიშვნა: უპირატესობა მიენიჭებათ ვიდეო-მიმართვის მქონე აპლიკანტებს. ვიდეოების გაზიარებისთვის გამოსაყენებელი წყაროებია შემდეგი:
• https://www.wetransfer.com/
• Gmail-ის მომხარებლებისთვის - https://www.google.com/intl/en/drive/(ატვირთეთ Drive-ზე და გააზიარეთ)
დოკუმენტაციის გამოსაგზავნად და კითხვების შემთხვევაში საკონტაქტო ინფორმაცია არის შემდეგი: politics@gipa.ge
საბუთების მიღება წარმოებს 20 დეკემბრამდე.
„პრაქტიკული პოლიტიკის სკოლის“ სტუდენტებს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი სთავაზობს სრულ დაფინანსებას, შესაბამისად აღნიშნული პროგრამა არის უფასო 21-იდან 35 წლამდე ახალგაზრდებისთვის, რომლებიც დააკმაყოფილებენ შესარჩევ კრიტერიუმებს.