პროექტი - „სახელმწიფოებრივი მოწყობის საპრეზიდენტო კოლეგიუმი“ ხორციელდება საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მიერ, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით. პროექტის მიზანია სახელმწიფო მოწყობასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე საჯარო, აკადემიური და პოლიტიკური დისკუსიების წამოწყება საზოგადოების ჩართულობის გზით. აღნიშნულ აქტივობებში მონაწილეობას მიიღებენ უნივერსიტეტების პროფესორები, სტუდენტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
პროექტის ფარგლებში იგეგმება წამყვანი უცხოელი პროფესორების ვიზიტები საქართველოში, რომლებიც მთელი პერიოდის (11 თვე) მანძილზე ჩაატარებენ საჯარო ლექციების სერიებს პრეზიდენტის სასახლეში და საქართველოს სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
ლექციები შეეხება დემოკრატიის, კონსტიტუციური და სოციალური სახელმწიფოს, ადამიანთა უფლებების, აღიარების და რელიგიის ფილოსოფიის თემატიკას. ლექციებს წაიკითხავენ მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორები: შტეფან გოზეპატი, ანდრეას არნდტი, მათიას კუმი, გეორგ ლომანი, თეო კობუში, ლუდვიგ ზიპი, მიხაელ კვანტე და მარკუს გაბრიელი. აღნიშნული პროფესორები მოღვაწეობენ ისეთ სასწავლო დაწესებულებებში, როგორებიცაა, ნიუ–იორკის (New-York University), სორბონის (Sorbonne University of Paris), ჰარვარდის (Harvard University), იელის (Yale University), ბერლინის (Free University of Berlin), მიუნსტერის (University of Munster), მაგდებურგის ოტო-ფონ-გერიკის (Otto-von-Guericke University Magdeburg), ბოხუმის (Ruhr University Bochum), ტოკიოს (University of Tokyo) უნივერსიტეტები. დასახელებული პროფესორები აკადემიური საქმიანობის გარდა, მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი აქტივობებით გამოირჩევიან, რაც ხელს უწყობს ადამიანის უფლებებთან და დემოკრატიულ პრინციპებთან დაკავშირებული ცოდნის დამკვიდრებას და გავრცელებას, რაც კონსტიტუციური სახელმწიფოს ძირითადი ფუნდამენტია.