პირველი ეროვნული შეხვედრა – ევროკომიის მიერ დაფინანსებული პროექტის ETHICS ფარგლებში
1 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,კვლევის პასუხისმგებლობიანად წარმართვა – კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში (ETHICS)“ პირველი ეროვნული შეხვედრა. მას დაესწრნენ პროექტის კონსორციუმის ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები.
პროექტი, რომელიც 10 ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, 4 ევროპულ პარტნიორსა და საქართველოს 3 საჯარო უწყებას აერთიანებს, მიზნად ისახავს კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების მიმართულებით არსებული მექანიზმების, პროცედურებისა და სერვისების გაუმჯობესებას.
პირველი ეროვნული შეხვედრის მიზანი იყო ქართველი პარტნიორებისთვის დაფინანსებული პროექტის სამუშაო პაკეტების, თითოეული პარტნიორის როლისა და გეგმების დეტალური განხილვა, ასევე ევროკომისიის მიერ დაწესებული გრანტის მართვის ადმინისტრაციული და ფინანსური რეგულაციების წარდგენა.
ჯიპა - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი პროექტის კონსორციუმის წევრია და მომავალი 4 წლის განმავლობაში მონაწილეობას მიიღებს პროექტის შემდეგი სამიზნეების მიღწევაში:
- კვლევის სანდოობისა და კვლევის კეთილსინდისიერების არსებული მექანიზმების გაუმჯობესება;
- საუნივერსიტეტო კვლევის კეთილსინდისიერების და ეთიკის საჭირო რესურსების პოლიტიკის დოკუმენტების შექმნა/გადახედვა.
- კვლევის კეთილსინდისიერების ინოვაციური სისტემის შემუშავება, რაც მოიცავს ვრცელი ციფრულ კურსის MOOC დანერგვას, ფუნქციური კვლევის ეთიკის საუნივერსიტეტო კოდექსის შექმნასა და კვლევის მართვის საბჭოს ეთიკის კომიტეტის ჩამოყალიბებას.
GIPA-ს მხრიდან ღონისძიებას ესწრებოდა უნივერსიტეტის კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნანი მაჭარაშვილი და სადოქტორო პროგრამების მენეჯერი ნათია ჭიღვარია.
პროექტის ETHICS შესახებ:
პროექტის კოორდინატორი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
კონსორციუმის ევროპელი პარტნიორები:
- ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტი
- ჩარლზის უნივერსიტეტი
- მასარიკის უნივერსიტეტი
- აკადემიური კეთილსინდისიერების ევროპული ქსელი/ასოციაცია
ქართული უნივერსიტეტები:
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- კავკასიის უნივერსიტეტი
- დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი
- შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- იაკობ გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ჯიპა - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
- თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
არასაუნივერსიტეტო პარტნიორები:
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
- განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://ethics.iliauni.edu.ge/