GIPA-ს ინიციატივით და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით გარემოსდაცვითი სტუდენტური კონფერენცია - „კლიმატის გლობალური ცვლილება და საქართველო: რისკები და გამოწვევები“ გაიმართა.
თანამედროვე მსოფლიოში გლობალური ეკოლოგიური ცვლილებების ფონზე მკვეთრად გაიზარდა გარემოსდაცვითი განათლებისა და ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობა, შესაბამისად კონფერენცია ხელს შეუწყობს გარემოსდაცვით სფეროში, როგორც გამოწვევებისა და პრობლემების იდენტიფიცირებას, ისე მიღწევებისა და შესაძლებლობების წინ წამოწევას.
კონფერენციაზე დამსწრე სტუმრებს სიტყვით GIPA-ს რექტორმა მაკა იოსელიანმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა, სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა და GIPA-ს გარემოსდაცვითი მენეჯმენტისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის მიმართულების ხელმძღვანელმა კახა არცივაძემ მიმართეს.
მოხსენებათა წარდგენის პროცესი მოწვეულმა სტუმრებმა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებმა შეაფასეს.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ღონისძიებაში მონაწილეობა GIPA-სა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებული უნივერსიტეტების გარემოსდაცვითი და ეკოლოგიური მიმართულების სტუდენტებმა მიიღეს.
კონფერენციის პარტნიორებმა Procredit Bank, აჭარა ჯგუფი, CENN, REC Caucasus საკუთარი რჩეულები გამოავლინეს და მათ შესაბამისი პრიზები გადასცეს.