GIPA, პლატფორმა და ფრიდრიხ ებერტის ფონდი გიწვევთ ლექციათა ციკლის ,,დანაშაული და სასჯელი: კრიტიკული პერსპექტივები" მეხუთე შეხვედრაზე - ციხე და კლასობრივი დომინაცია
კრიტიკული თეორიის სხვადასხვა მიმართულებები დღემდე ვერ თანხმდებიან ციხის სამოქალაქო, პოლიტიკური და ეკონომიკური ფუნქციის შეფასებაში - როგორია ციხის ინსტიტუტის ამოცანები? იცვლება თუ არა ეს ამოცანები სხვადასხვა პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემების გავლენით? რა არის საბოლოო მიზანი - პატიმრის რესოციალიზაცია, თუ მისი საზოგადოებრივი ცხოვრებიდან საბოლოოდ გამოთიშვა?
მოხსენებაში განვიხილავთ ციხის შესწავლის ძირითად მიმართულებებს და ვეცდებით მათ ქართულ კონტექსტთან დაკავშირებას. 2012 წელს გლდანის მერვე ციხიდან გამოჟონილი კადრები, დიდი საზოგადოებრივი პროტესტისა და ხელისუფლების ცვლილების მიზეზად იქცა, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს შოკისმომგვრელი ეფექტი ქონდათ ქვეყნის მოსახლეობაზე, ძალადობის სცენების მიღმა კი ქართული ციხეების ყოველდღიურობა იმალებოდა. ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა დავსვათ კითხვა - როგორი იყო ციხის ყოველდღიური რეჟიმი და რა კავშირში იყო ამგვარი რეჟიმის არსებობა სხვა პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეფორმებთან, რომლებიც ჩვენი საზოგადოების ძირეულ ცვლილებას ისახავდნენ მიზნად.
მომხსენებელი: გიორგი ღვინჯილია - პოლიტიკის ანტროპოლოგი