21 დეკემბერს გაიმართა GIPA-ს სოციალურ მეცნიერებათა სკოლის და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ერთობლივი პროექტის "Resilience during COVID-19 Psychological Effects on Internally Displaced Persons and Women“-ს პრეზენტაცია.
პროექტი მიზნად ისახავდა პანდემიის პირობებში ინდივიდუალური, საზოგადოებრივი და ეროვნული მედეგობის თავისებურებათა შესწავლას სხვადასხვა ჯგუფებში (დევნილთა და ადგილობრივი მოსახლეობის) და, ასევე, ქალთა და მამაკაცთა განსხვავებული აღქმებისა და დამოკიდებულებების გამოვლენას.
კვლევის შედეგები და ძირითადი მიგნებები აუდიტორიას გააცნეს პროექტის მთავარმა მკვლევარმა სალომე დუმბაძემ და ასისტენტ-მკვლევარმა თამარ ამირეჯიბმა.
პროექტის ერთგვარი შეფასება წარმოადგინა ისრაელის თელ-ჰაის აკადემიური კოლეჯის ფსიქოლოგიურ დეპარტამენტთან არსებული სტრესისა და მედეგობის ცენტრის სრულმა პროფესორმა შაულ კიმჰიმ, რომლის მეთოდოლოგია გამოყენებულ იქნა ქართულ კვლევაში. თავის მოხსენებაში პროფესორმა კიმჰიმ ერთმანეთს შეადარა ისრაელის, ბრაზილიის, ფილიპინებისა და საქართველოს მონაცემები.
მოწვეული სპიკერი, ვირჯინიის უნივერსიტეტის ფსიქიატრიის დეპარტამენტის პროფესორი-ემერიტუსი ვამიკ ვოლკანი, თავის მოხსენებაში შეეხო კოლექტიური ტრავმის გამოვლინებებს მიგრანტებთან და ლტოლვილებთან. ასევე, განიხილა დიდი ჯგუფების იდენტობის თავისებურებები პანდემიის კონტექსტში.
პრეზენტაციის დასკვნითი ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმით წარიმართა.
GIPA მადლობას უხდის GIZ-ს, მომხსენებლებსა და დამსწრე აუდიტორიას.