სოციალურ მეცნიერებათა სკოლა

სოციალურ მეცნიერებათა სკოლა

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლა 2011 წელს დაარსდა. თავდაპირველად, სკოლაში ფუნქციონირებდა მხოლოდ ერთი პროგრამა - სოციალურ მეცნიერებათა საბაკალავრო პროგრამა, რომელიც ინსტიტუტის მასშტაბით პირველი საბაკალავრო პროგრამა იყო. 2014 წელს პროგრამული აკრედიტაცია წარმატებით გაიარა ახალმა სამაგისტრო პროგრამამ, შესაბამისად, სოციალურ მეცნიერებათა სკოლას დაემატა სამაგისტრო პროგრამა გამოყენებით ფსიქოლოგიაში. ასევე, 2018 წელს პროგრამული აკრედიტაცია წარმატებით გაიარა ოთხმა საბაკალავრო პროგრამამ: ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა; სოციოლოგიის საბაკალავრო პროგრამა; ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამა და პოლიტიკური მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა. 

GIPA-ს ყოფილი რექტორის, გიორგი მარგველაშვილის სიტყვა GIPA-ს სოციალურ მეცნიერებათა სკოლის გახსნასთან დაკავშირებით

2011 წლის 23 სექტემბერი

"ჩვენი საბაკალავრო პროგრამა რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს ისახავს, რომელსაც თქვენთან ერთად უნდა მივაღწიოთ:პირველ რიგში, ეს არის პროგრამა, რომლის შედეგადაც თქვენ მრავალმხრივ და ფუნდამენტალურ განათლებას მიიღებთ, რომელიც აუცილებელია თანამედროვე ცივილიზაციის სრულფასოვანი წევრისათვის. ეს ნიშნავს ჰომეროსის, გოეთეს, რუსთაველის, ჰობსის, ილია ჭავჭავაძის, ჯეფერსონისა თუ სხვა დიდი მოაზროვნეებისა და ავტორთა ნაშრომების გაცნობას. დღეს ეს ასევე ნიშნავს ინგლისურის, როგორც საერთაშორისო ენის პროფესიულ ცოდნას და თანამედროვე ტექნოლოგიებით მუშაობის უნარს. დღეს ალბათ, ბევრად უფრო რთულია იყო განათლებული, ვიდრე თუნდაც ერთი საუკუნის წინ, მაგრამ ჩვენ ამას თქვენთან ერთად შევძლებთ.ჩვენთან სწავლის შედეგად, თქვენ, რომელთაც ჰუმანიტარული მეცნიერებები აირჩიეთ თქვენს მომავალ პროფესიად, მოგეცემებათ შესაძლებლობა ზუსტად გაერკვეთ, კონკრეტულად რა არის თქვენი მოწოდება - ჟურნალისტიკა, ეკონომიკა, საერთაშორისო ურთიერთობები, ფსიქოლოგია თუ მმართველობა. დასაწყისისთვის, ჩვენ მოგიწოდებთ მოსინჯოთ და გაეცნოთ განსხვავებულ ისციპლინებს, ხოლო სწავლის შემდგომ ეტაპებზე დაგეხმარებით აირჩიოთ ის სფერო, რომელიც თქვენთვის ყველაზე საინტერესო და ამაღელვებელია. ჩვენს პროგრამაში იქნება მრავალი არჩევითი საგანი, რომელთა შესწავლისა და გააზრების შედეგად, თქვენ ჩამოაყალიბებთ თქვენთვის საინტერესო და პრიორიტეტულ სასწავლო მიმართულებას და სწავლის ბოლო პერიოდს სწორედ ამ დარგში დახელოვნებას მიუძღვნით. და ბოლოს, ჩვენთან ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ თქვენ შეიძენთ არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას, არამედ ასევე ისეთ პროფესიულ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს, რაც ხელს შეუწყობს თქვენს დასაქმებას უშუალოდ სწავლის დამთავრებისთანავე.
პატივცემულო აბიტურიენტებო და მშობლებო. ჩვენი საბაკალავრო პროგრამა, მრავალი თქვენგანისთვის კარგად ნაცნობი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სრულიად ახალი და, ამავე დროს, ჩვენი ინსტიტუტის ტრადიციებზე, გამოცდილებასა და წარმატებაზე დაფუძნებული, მრავალწლიანი შემოქმედების შეჯამებაა. ჩვენ ვამაყობთ ამ ახალი წვლილით, რომელიც შეგვაქვს ქართულ საგანმანათლებლო სისტემაში, და ვიმედოვნებთ, რომ ის კიდევ უფრო დაიხვეწება თქვენი თანამონაწილეობით."