ყველა სკოლა
ENGLISH

პარტნიორები

სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის და მას. კომუნიკაციის სკოლა

2011 წლის სექტემბრიდან სამაგისტრო პროგრამები ხორციელდება სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის სკოლასთან მჭიდრო თანამშრომლობით. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოში ჩამოდიან ამერიკელი ლექტორები, ასევე სკოლის მენეჯმენტში აქტიურად არის ჩართული სამხრეთ კაროლინას უნივერსიტეტის პროფესორი ქის ქენი. სამ წლიანი გრანტი, რომელიც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოყო, ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლის ინსტიტუციურ განვითარებას ხმარდება, რაც მდგომარეობს სწავლების ხარისხის გაუმჯობესებასა და მის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებაში. სწავლებისა და ტრენინგების მეშვეობით ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლა აღზრდის პროფესიონალებს, რომლებსაც რეგიონში დამოუკიდებელი მედიის შენარჩუნება შეეძლებათ. ხოლო ასეთი მედია დიდ როლს ითამაშებს ინფორმაციის თავისუფალ გავრცელებაში, რაც დემოკრატიის გამყარებას შეუწყობს ხელს.

IREX საქართველო

2011 წლის სექტემბრიდან დაიწყო ჟურნალისტიკისა და მედია-მენეჯმენტის კავკასიური სკოლისა და საერთაშორისო ორგანიზაცია IREX საქართველოს ერთობლივი პროექტი, რომელიც სკოლის ადამიანური რესურსების და ინსტიტუციონალური შესაძლებლობების განვითარებას ემსახურება. აღნიშნული თანამშრომლობა მოიცავს:

პროფესორ-მასწავლებლების გადამზადება და მულტი-მედიური ჟურნალისტიკისა და მედია-მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის კურიკულუმის განახლება; ასევე, სასწავლო პროცესის და მეთოდოლოგიის გაუმჯობესება, სკოლის ადმინისტრირებისა და სასწავლო პროცესის რეგულირებისთვის თანამედროვე პოლიტიკის შემუშავება.

სტუდენტური მხარდაჭერის პროგრამები (სტიპენდიები წარმატებული სტუდენტებისთვის საქართველოს რეგიონებიდან, ადგილობრივ მედია საშუალებებში სტაჟირების ორგანიზება და სტაჟირებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება, მოკლე-ვადიანი სასწავლო ტურები საერთაშორისო მედია და არასამთავრობო/საზოგადოებრივ ორგანიზაციებში, მცირე გრანტები სტუდენტებისთვის დოკუმენტური ფილმების წარმოებისთვის, გასვლითი ღონისძიებები საქართველოს მასშტაბით). IREX-ის გრანტმა ასევე საშუალება მისცა სკოლას სრულად ან ნაწილობრივ დააფინანსოს გამორჩეული სტუდენტებისთვის სწავლისსაფასური.

სტუდენტური მედიის განვითარება (რაც, თავის მხრივ, მოიცავს მულტიმედიური ვებ-პლატფორმის შემუშავებას, რადიო ჯიპას (FM 94.3) კონცეფციის განახლებას; სტუდენტების მიერ მულტიმედიური კონტენტის წარმოებასა და მის ვებსაიტზე და რადიოში განთავსებას).

ჟურნალისტიკის სკოლის ბაზაზე ტრენინგ-ცენტრის ჩამოყალიბება, რომელიც თანამედროვე მეთოდოლოგიაზე დაფუძნებულ პროფესიული განვითარების სასერტიფიკატო კურსებს დანერგავს, და სკოლასა და მედია ინდუსტრიას შორის თანამშრომლობას შეუწყობს ხელს.

ეს თანამშრომლობა ხორციელდება IREX საქართველოს ოთხწლიანი პროგრამის „ქართული მედია აძლიერებს დემოკრატიას, ანგარიშვალდებულებას და მოქალაქეების ინფორმირებულობას“ ფარგლებში, რომელიც USAID-ის მიერ არის დაფინანსებული.

ევროპული ჟურნალისტიკის ცენტრი

ევროპული ჟურნალისტიკის ცენტრი (EJC) და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსიტუტი (GIPA) ახორციელებენ პროექტს "ფინანსები და გამჭვირვალობა - ახალი მიდგომები ქართულ ჟურნალისტიკაში“. პროექტის მიზანია საქართველოში ფინანსური საგამოძიებო ჟურნალისტიკის განვითარება და ადგილობრივი რესურსების გაძლიერება. პროექტის ხანგძლივობაა ხუთი წელი (2011-2015). მას ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფინანსებს.

პროექტის ფარგლებში მომზადდებიან  ტრენერები საგამოძიებო ჟურნალისტიკაში, გაიმართება ტრენინგები პრაქტიკოსი ჟურნალისტებისთვის, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მათი ცოდნა ფინანსური და ეკონომიკური დანაშაულის გამოძიების კუთხით.


პროექტის ფარგლებში მომზადდება  ჟურნალისტური პროექტები — სტატიების, რადიო და სატელევიზიო სიუჟეტების, მულტიმედია მასალების სახით.

მასალები ადგილობრივი მედია საშუალებებით გავრცელდება და პროექტის ვებსაიტზე განთავსდება. ძირითადი აქტივობები 2012-13 წლებშია დაგეგმილი; 2014-15 წლებში მომზადდება ეთიკის სახელმძღვანელო. ასევე, დაგეგმილია ტრენინგები და სარედაქციო სამუშაოს წარმოება GIPA-ს რესურსებით, რაშიც პროექტით მომზადებული ტრენერები ჩაერთვებიან.

პროექტის ძირითადი რესურსი ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლისთვის ტრენერებისა და ახალი საგამოძიებო ჟურნალისტიკის კურსის მომზადებაზე დაიხარჯება. სასწავლო პროგრამების განვითარებაში ქართველ პროფესორ-მასწავლებლებს კონსულტაციას კოლუმბიის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სკოლის პროფესორი ჯოშუა ფრიდმანი და კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესურა გაუწევს.