ყველა სკოლა
ENGLISH

ახალი მედია ტექნოლოგიების ინჟინერიის სამაგისტრო პროგრამა

via GIPHY

ახალი მედია ტექნოლოგიების ინჟინერიის სამაგისტრო პროგრამა

მედია:

ინფორმაციის შენახვისა და გადაცემის არხი ან მოწყობილობა.

ინჟინერია:

ინჟინერი - ტექნიკური დარგის სპეციალისტი, რომელსაც შეუძლია სამეცნიერო ცოდნისა და გამომგონებლური უნარების დახმარებით ტექნიკური პრობლემები გადაჭრას.

 

კურსის მსვლელობისას სტუდენტები იმუშავებენ სხვადასხვა პროგრამულ გარემოში:

  • Microsoft .NET გარემოში.
  • მუშაობისას გამოიყენებენ MS SQL მონაცემთა ბაზებს
  • Google Cloud Platform (Compute Engine, App Engine, Cloud SQL, Cloud Storage, Cloud Datastore)

 

შექმნიან და შესაბამის პლატფორმებზე განათავსებენ მობილურ აპლიკაციებს როგორც Android ასევე iOS ოპერაციულ გარემოსათვის

სურვილის შემთხვევაში, არჩევითი საგნების საშულებით დაეუფლებიან ან გაიღრმავებენ ცოდნას შემდეგი მიმართულებით:

  • PHP-ის პროგრამული გარემო
  • Javascript და jQuery

კურსის მსვლელობისას სტუდენტები იმუშავებენ პროგრამულ კოდთან და შექმნიან კონკრეტულ პროდუქტებს (ვებ პორტალი, ვებ სერვისი, მობილური აპლიკაცია) ასევე შეისწავლიან პროგრამულ პროდუქტებთან დაკავშირებული პროექტების მართვას. სწავლის პროცესში დიდი ყურადღება დაეთმობა კონტენტის შექმნასა და დამუშავებას.

 

შესავალი

ყველასთვის ნათელია, რომ უცხო ენის ცოდნა ბევრ რამეში შეიძლება გამოადგეს ადამიანს, პირველ რიგში კი კარიერულ წინსვლაში. ზოგიერთი პროფესიის ადამიანისათვის რამდენიმე უცხო ენის ცოდნა სამსახურეობრივ აუცილებლობასაც კი წარმოადგენს. დღეს ყოველდღიურ ცხოვრებაშიც კი უამრავ ინგლისურ ტერმინს ვიყენებთ, ენის საფუძვლიანი ცოდნა კი ასეთი ტერმინებით ოპერირებას აადვილებს. იგივე ინგლისური დღეს ფაქტობრივად საერთაშორისო საკომუნიკაციო ენაა. ზოგი თვლის, რომ დროა ჩინური ენის სწავლა დავიწყოთ, ვინაიდან ახლო მომავალში ჩინურ ენას ისეთივე დიდი გამოყენება ექნება, როგორიც დღეს ინგლისურს აქვს.

 

მაგრამ, იქნებ, დღეს ყველაზე მეტად კომპიუტერული ენების, უფრო სწორად კი კომპიუტერულ კოდთან მუშაობის (coding) შესწავლის დროა? იმ საქმის დიდი ნაწილს, რომელსაც წარსულში ადამიანი აკეთებდა, დღეს კომპიუტერი ასრულებს. გამოთვლებს კომპიუტერების ეპოქაში ჩვენ მაგივრად კომპიუტერები აკეთებენ. სავარაუდოდ ის, რაშიც დღეს ადამიანების დახმარება გვჭირდება, მომავალში კომპიუტერების საზრუნავი იქნება. დიდი ხანია აზრი დაკარგა კომპიუტერთან მუშაობის შემსწავლელმა კურსებმა, დღეს კომპიუტერთან, კომპიუტერულ პროგრამებთან მუშაობას ადამიანი პატარაობიდანვე, სიარულისა და ლაპარაკის პარალელურად სწავლობს. კომპიუტერულ კოდთან მუშაობა კი არც ისე ბევრმა ადამიანმა იცის, არადა ამგვარი ცოდნის მქონე ადამიანებზე დღეს მთელ მსოფლიოში დიდი მოთხოვნაა.

 

მაგალითად Google-ში პროგრამისტებს, ანუ მათ, ვინც პროგრამულ კოდთან მუშაობს ინჟინრებს უწოდებენ, ვინაიდან მათი ამოცანა უბრალოდ პროგრამული კოდის შექმნა კი არ არის, არამედ Google-ის წინაშე მდგარი ტექნიკური, პროგრამული პრობლემის გადაწყვეტაა. შესაბამისად Google-ის ინჟინრები თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას იყენებენ რათა შექმნან პროგრამული კოდი, ან გააუმჯობესონ უკვე არსებული. როგორც მდინარეზე ხიდის აშენებისას ინჟინერს ყოველ ჯერზე ახალ ტექნიკური ამოცანის გადაწყვეტა უხდება (მდინარის სიჩქარე, სიღრმე, სიფართე, გრუნტი, რომელზეც უნდა აშენდეს ხიდის კონსტრუქცია ყოველთვის ერთნაირი არ არის) Google-ის პროგრამისტები ანუ  ინჟინრები ყოველთვის ახალი ამოცანების წინაშე დგანან.

 

გაბატონებული აზრის თანახმად, პროგრამირების შესწავლა მხოლოდ ტექნიკური ცოდნის მქონე ადამიანებს შეუძლიათ. მაგრამ ეს ასე არ არის, მაგალითად  2012 წლის დასაწყისში ნიუ იორკის მერმა მაიკლ ბლუმბერგმა (Michael Rubens Bloomberg) განაცხადა, რომ მან მიიღო გადაწყვეტილება მომავალი წლის განმავლობაში მისი უშუალო მოვალეობების პარალელურად პროგრამული ენების შესწავლასაც დაუთმოს დრო. ბლუმბერგის ნაბიჯი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ პროგრამულ კოდთან მუშაობა ნებისმიერი პროფესიის ადამიანისათვის არის საჭირო. (http://www.bbc.com/news/technology-16440126)

 

პროგრამირების, კოდინგის, შესწავლა უცხო ენის შესწავლას ადარებენ ხოლმე. რა თქმა უნდა ფილოლოგს ენის შესწავლისას გარკვეული უპირატესობა გააჩნია ვინაიდან მას ენებთან მუშაობის გამოცდილება აქვს. ანალოგიური სიტუაციაა პროგრამირების, კოდინგის შემთხვევაში. ტექნიკური ცოდნის მქონე ადამიანს გაუადვილდება პროგრამირების შესწავლა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა პროფესიის ადამიანი სურვილის შემთხვევაში ვერ შეძლებს პროგრამულ კოდთან მუშაობას.

 

დღეს თითქმის ყველა თანამედროვე კომპანიას გააჩნია საკუთარი ვებგვერდი. მსგავს ვებგვერდებზე უფრო მეტ ახალ ამბავს იხილავთ, ვიდრე რამდენიმე ათეული წლის წინ სატელევიზიო ეთერში ნახავდით. თავის მხრივ, სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენენ მობილური აპლიკაციები. მსგავსი პროგრამული პროდუქტების შესაქმნელად ან დასაპროექტებლად საჭიროა როგორც პროგრამული კოდის ცოდნა, ასევე ინფორმაციასთან მუშაობის უნარები. მომხმარებელს საბოლოო ჯამში პროგრამული კოდი კი არ სჭირდება, არამედ დასრულებული პროდუქტი. რაც დრო გადის, სულ უფრო მატულობს მოთხოვნა ისეთ სპეციალისტებზე, რომლებსაც შეუძლიათ მულტიმედია ინტერაქტიული „კონტენტის“ შექმნა და მართვა. სხვადასხვა პროგრამებისა და აპლიკაციების საშუალებით ინფორმაციის მოგროვება, დამუშავება და გავრცელება. დღეს მთელ მსოფლიოში ასეთი სპეციალისტების დიდი დეფიციტია.

 

ვისთვის არის განკუთვნილი ეს კურსი

ერთი მხრივ იმ ადამიანებისათვის, ვისაც გააჩნია ინფორმაციასთან მუშაობის გამოცდილება, (მაგალითად ჟურნალისტებისათვის, PR მენეჯერებისათვის ან სხვა სფეროს ჰუმანიტარული ცოდნის მქონე ადამიანებისათვის) და სურს შეიძინოს ინფორმაციის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მოგროვების, დახარისხების და გავრცელების უნარები.

 

მეორე მხრივ კი იმ ადამიანებისათვის, რომელთაც უკვე გააჩნიათ პროგრამული პროდუქტების შექმნის გარკვეული გამოცდილება, მაგრამ სურთ შეიძინონ ინფორმაციის დამუშავების უნარები. მაგალითად პროგრამისტებისთვის, რომელთაც სურთ გაიღრმავონ საკუთარი ცოდნა პროგრამირებაში და შეისწავლონ სრულყოფილი პროგრამული პროდუქტების შექმნა (დეველოპერობა).

 

სასწავლო კურსის ფორმატი

მედია ინჟინერიის კურსის ლექტორებს დიდი პრაქტიკული გამოცდილება აქვთ. ისინი ეხლაც მოქმედი დამოუკიდებელი დეველოპერები ან სხვადასხვა წამყვანი IT კომპანიების თანამშრომლები არიან. შესაბამისად, ლექციების მსვლელობისას დიდი მნიშვნელობა მიენიჭება პრაქტიკულ სამუშაოებს და სტუდენტების პროექტების განხორციელებას. გამოყენებული იქნება სწავლის მეთოდი - ”სწავლა კეთებით”. სწორედ ამიტომ, მსმენელები მიიღებენ არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას, არამედ პრაქტიკულად დაეუფლებიან უახლეს ტექნოლოგიებს.

 

რას მიიღებენ სტუდენტები კურსის დასრულებისას

თუკი ადრე მაღალტექნოლოგიური კომპანიის შესაქმნელად მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსები იყო საჭირო (მაგალითად რადიოს, ტელევიზიის, ჟურნალისა და გაზეთის შესაქმნელად უამრავი ტექნიკური მოწყობილობა და ამ მოწყობილობის მომსახურე პერსონალია საჭირო) დღეს ნებისმიერი ინტერნეტ მედია პროექტის განხორციელება მხოლოდ კომპიუტერისა და შესაბამისი ცოდნის საფუძველზე არის  შესაძლებელი.

 

ამ კურსის დამთავრებისას სტუდენტებს ექნებათ არჩევანი დაიწყონ მუშაობა რომელიმე კომპანიაში, თავად შექმნან ონლაინ რესურსი ან პროგრამული პროდუქტი, რომელიც მათი ძირითადი სამსახური იქნება ან კი ინდივიდუალური შეკვეთების სახით სხვას დაუმზადონ მაღალტექნოლოგიური ICT პროდუქტი.

 

კურსის დამთავრების შემდეგ სტუდენტებს შეეძლებათ:

  • აპლიკაციების შექმნა კომპიუტერისა და სხვადასხვა მოწყობილობისათვის: ანდროიდ მოწყობილობები: ტაბლეტი, სმარტფონები.
    iOS მოწყობილობებისათვის: iPad, iPhone
  • საკუთარი ონლაინ რესურსების შექმნა, დაპროგრამება სხვადასხვა ონლაინ სერვისების - API (აპლიკაციების ინტერფეისის) გამოყენებით: ვებგვერდი, ვებ სერვისი, ვებ პორტალი
  • საკუთარი ძალებით პროგრამული პროდუქტის შექმნა: სხვადასხვა სახის პროგრამები განსხვავებული ოპერაციული სისტემებისათვის
  • ნებისმიერი სახის მულტიმედია პროექტის განხორციელება:  კროსმედია აპლიკაციები და ინტერნეტ რესურსები
  • დეველოპერული პროექტის კონცეფციის შემუშავება, პროგრამირების პროცესის მართვა და გაკონტროლება: ვებგვერდის, კომპიუტერული პროგრამის, მობილური აპლიკაციის დაპროექტება და შექმნის პროცესის მართვა
  • ონლაინ რესურსისათვის კონტენტის მომზადება ან კონტენტის მომზადების პროცესის მართვა: ტექსტის, ფოტოს და ვიდეომასალის მომზადება ვებ პროდუქტისა ან მობილური აპლიკაციისთვის
  • ნებისმიერი პროგრამის, აპლიკაციის თუ ვებ რესურსისათვის ინტერფეისის შემუშავება ან დიზაინერის სამუშაოს კოორდინირება
  • სტუდენტებს ეცოდინებათ თუ რა ტექნოლოგიების გამოყენებით იქმნება სხვადასხვა აპლიკაციები ვების, სოციალური ქსელებისა და მობილური მოწყობილობებისათვის
  • კურსდამთავრებულებს ეცოდინებათ სხვადასხვა ცნობილი მეთოდოლოგია იდეის ჩამოყალიბების, პროექტის დაგეგმვის, მართვისა და შედეგების შეფასებისა

 

საკონტაქტო პირი

სანდრო ასათიანი

ელ-ფოსტა: s.asatiani@gipa.ge

მობ: +995 595 731313

ტელ: 2 49 75 01; 2 45 75 45 (კომუტატორი)